"სანამ დედ-მამა ბავშვობიდან გოგოს ზრდის, როგორც ქმრის მსახურს..."
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2015 - 15:11

სანამ მსხვერპლს ეშინია, რომ გავშორდები ჩემები არ მიმიღებენო,
სანამ დედ-მამა ოჯახიდან წამოსულ შვილს უკან არ მიიღებს, მეზობლები რას იტყვიანო,
სანამ მეზობელი ქმარს დაშორებულ გოგოს ბოზს დაუძახებს,
სანამ გოგოს იმიტომ დაუწყებენ ჩალიჩს, რომ "სოჩიკი აღარ უწერს",
სანამ განქორწინებული გოგოს რძლად მიღება ოჯახის სირცხვილია,
სანამ დედ-მამა ბავშვობიდან გოგოს ზრდის, როგორც ქმრის მსახურს,
სანამ მამებს გოგოების გაჩენა უტყდებათ და ქვეყანა სელექციური აბორტით მოწინავეა,
სანამ მხოლოდ კაცის მხირდან ღალატი მოსულა, მთავარია ცოლმა არ გაიგოს და ქალის ღალატზე სასიკვდილო განაჩენი გამოგვაქვს სრულიად საზოგადოებას,
სანამ უმუშევარი გოგო არ ტეხავს და მხოლოდ ბიჭი ტეხავს,
სანამ "ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო",
სანამ მთავრობის თუ პარლამენტის წევრი ქალები იტყვიან, იქნებ შეაგინაო,
სანამ კომენტარს - "გაფასებთ ბატონო რეზო" - „gaixare dsmao“ კომენტარები მოყვება,
სანამ გამვლელი თუ მეზობელი, რომელიც ძალადობას შეესწრება მშვიდად ჩაივლის, თვითონ მოაგვარებენო,
სანამ პატრული ძალადობის დროს გამოძახებისას მივა, მხოლოდ ოქმს შეადგენს და წავა,
სანამ ამის შემდეგ მომხდარი ფატალური შედეგის დროს ამ პოლიციელის გულგრილობას ყველა დაიკიდებს,
სანამ ტლუ საზოგადოება იტყვის, ეგ გოგო ცოტა ისე დაიარებოდა, აბა რა ეგონაო,
სანამ უფრო "შეგნებული" დაამატებს, ალბათ უღალატა, თორემ ეგ მაგას არ იზამდაო,
სანამ ეკლესია არ მოუწოდებს ხალხს, რომ ასეთი მკვლელობაც მკვლელობაა,
სანამ შს მინისტრი არ იტყვის, რომ მოძალადის და წამქეზებლის მიმართ ნულოვანია ტოლერანტობა,
სანამ ჩვენ ყველანი ვდუმვართ და თავები კარგი ტიპები გვგონია,
სანამ სექსი და სექსზე ლაპარაკი ტეხავს და თინა მახარაძე ბოზია,
სანამ 37 მანეთს მივტირით,
სანამ საშუალო განათლებას არ ეშველება,
სანამ ბიოლოგიის მასწავლებლები სექსის ეპიზოდს ახტებიან,
სანამ სკოლებში ათეისტობის გამო ბავშვებს ცემენ,
სანამ ყველა მორწმუნეს დასცინიან, იმიტომ, რომ მორწმუნეა და აღარ აქვს მნიშვნელობა გიჟი რადიკალია თუ ლიბერალი,
სანამ ფსიქოლოგთან წასვლა ტეხავს, "მანდ რა მინდა, გიჟი ხომ არ ვარო",
სანამ „პიდარასტობა“ "გადამდებია" და რომ უნდოდეთ ჰორმონს გაიკეთებენ და 6 თვეში „მორჩებიან“,
სანამ „ზანგები“ ებოლას გადაგვდებენ,
სანამ ტერორიზმს ვგმობთ, „მაგრამ“...
სანამ, სანამ, სანამ!
მანამდე არაფერს აქვს აზრი. და ეს „სანამ“ რომ მორჩეს, ყველას, ვისაც ხმა მიუწვდება და ჭკუა მოეკითხება, თავიდან უნდა გაზარდოს საზოგადოება, რომელიც ახლაც, ამ წუთებშიც, წარმატებით შობს მსხვერპლსაც და მოძალადესაც.

 

ბექა კოკაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები