file not saved „40 მილიონიანი ბიუჯეტი საქართველოში ქართული პროდუქტის წარმოებას მოხმარდება“ » ახალი ამბების სააგენტო

„40 მილიონიანი ბიუჯეტი საქართველოში ქართული პროდუქტის წარმოებას მოხმარდება“
სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2015 - 15:45

თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, 40 მილიონიანი კვების ბიუჯეტი საქართველოში ქართული პროდუქტის წარმოებას მოხმარდება.

ამის შესახებ მინისტრი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„შევპირდით საზოგადოებას და დავიწყეთ პირობის შესრულება. 
დღეიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 40 მილიონიანი კვების ბიუჯეტი საქართველოში ქართული პროდუქტის წარმოებას მოხმარდება.

ღია ტენდერი ახალი ხორცის შესყიდვაზე:

თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს შეიარაღებული ძალების საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციით მომარაგებაა, რომლის მიზანიც ქართული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაც არის. ეს ინფორმაცია თავდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინა გაახმაურა. დღეს კი შპს „სახელმწიფო კვებითმა უზრუნველყოფამ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალი საქონლის ხორცით მომარაგების მიზნით ტენდერი გამართა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის“ შესაბამისად, ტენდერი ღია ელექტრონული სისტემით ჩატარდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას შეეძლო.
ელექტრონული ტენდერი 12:00 საათზე დაიწყო. საბოლოოდ ელექტრონულ ვაჭრობაში ერთმანეთს კონკურენციას სამი ქართული კომპანია - შპს „ახალი ხორცი“, შპს „ნუგო“ და შპს „მესხეთ პროდაქტი“ უწევდა.
აქტივობის შედეგად ყველაზე დაბალი ფასი შპს „ახალმა ხორცმა“ დაასახელა. ამჟამად, აღნიშნული კომპანიის დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს, ტენდერში გამარჯვებული საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ გამოვლინდება.
„ელექტრონული ვაჭრობა შედგა. ვაჭრობაში სამმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, პირვანდელმა ფასმა, ვაჭრობის შედეგად, დაახლოებით ათი პროცენტით იკლო. ტენდერის საბოლოო მონაცემებით, გამარჯვების მთავარი კანდიდატი შპს „ახალი ხორცია“, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული კომპანიის დოკუმენტაციის შესწავლა. შემოწმების შედეგები, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ან ხვალ დილით გახდება ცნობილი და ვაცნობებთ საზოგადოებას, თუ ვინ გახდა ტენდერის გამარჯვებული,“ - განაცხადა შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ.
ქართული ჯარის ადგილობრივი წარმოების პროდუქციით გამოკვება საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ინიციატივაა. აღნიშნული იდეა თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას ივლისში, ჟურნალისტების მონაწილეობით სამხედრო ნაწილებში გამართული ტურნეს დროს გააცნო. პირობა მალე შესრულდება და ქართული ჯარი ქართულ კვებაზე ეტაპობრივად გადავა.
პირველ ეტაპზე, თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ საქონლის ხორცს შეისყიდის და ამ პროდუქტით თავდაპირველად აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის სამხედრო ბაზები მომარაგდება. პროგრამა წლის ბოლომდე საპილოტე რეჟიმში განხორციელდება. 2016 წლის ბოლოსთვის კი ქართული წარმოების სხვა პროდუქტებიც შეირჩევა და ქართული ჯარის ქართული საკვებით უზრუნველყოფის პროექტი მთელს შეიარაღებულ ძალებს მოიცავს“, - წერს სოციალურ ქსელში ხიდაშელი.

 

მსგავსი სიახლეები