"ჯორჯია" თუ "საქართველო" - საქართველოს სახელის შეცვლას ურჩევენ
ოთხშაბათი, 04 მაისი, 2016 - 15:26

ამერიკული სააგენტო „ბლუმბერგი“ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე სახელის შეცვლას ურჩევს. მათი აზრით საქართველო გაცილებით კარგად ჟღერს , ვიდრე მსოფლიოში დამკვიდრებული „ჯორჯია.“

„ბლუმბერგი“ თავის სტატიაში, სადაც ქვეყნების დასახელების შეცვლის ოფიციალურ ფაქტებს მიმოიხილავს, საქართველოსაც ახსენებს და წერს, რომ სრულიად შესაძლებელია, საქართველომაც შეიცვალოს ოფიციალური სახელწოდება და „ჯორჯიას“ ნაცვლად, ყველა ქვეყნისთვის „საქართველო“ იყოს. გამოცემის აზრით, „საქართველო“ ძალიან ლამაზი სახელია და არც რთულადაა წარმოსათქმელი.

„საქართველო, რომლის ინგლისურენოვანი სახელწოდება „ჯორჯიაა“, მუდმივად ეშლებათ ამერიკის შტატ ჯორჯიაში, რომელთანაც ამ კავკასიურ ქვეყანას არანაირი კავშირი აქვს. საქართველოს ინგლისურენოვანი დასახელება ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გაჩნდა, რომელიც რუსულენოვანი „გრუზია“- დან დამახინჯებულად იქნა გადატანილი.

„თვითონ ქართველები საკუთარ ქვეყანას „საქართველოს“ უწოდებენ, რაც ძალიან კარგი სახელწოდებაა, რომელსაც ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანები, ვფიქრობთ, იოლად აითვისებენ.

საქართველო უკვე რამდენჯერმე შეეცადა, საერთაშორისო არენაზე ხმარებიდან რუსულენოვანი „გრუზია“ ამოღებულიყო და ბოლოს მიაღწია იმას, რომ იაპონელებმა მისი ინგლისური სახელწოდებით - „ჯორჯიად“ მოხსენიება დაიწყეს. თუმცა, ალბათ, მაინც სჯობს, რომ თბილისმა ეროვნულ-ისტორიული იდენტიფიცირება მოახდინოს და „ჯორჯია“ „საქართველოდ“ შეცვალოს“, - წერს გამოცემა.

თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა ენებში ჩვენი ქვეყნის დასახელება სხვადასხვაგვარია. მაგალითისთვის, თუკი საქართველოს ოფიციალურად „ჯორჯია“ ჰქვია, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები „გრუზიად“ მოიხსენიებენ, სომხეთი საქართველოს „ვრასტანს“ უწოდებს, თურქეთი - „გურჯისტანს“, ხოლო ჩინეთი - „გელუჯიას“.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი