ვინ არის მოსკოვში მცხოვრები 25 წლის წარმატებული ქართველი ექიმი
პარასკევი, 23 სექტემბერი, 2016 - 18:33

"წარმატებას თავდაუზოგავი შრომის შედეგად მივაღწიე და მსურს ჩემი საქმიანობით და ცხოვრებით სამყარო უკეთესობისკენ შევცვალო"

ჩვენი ტრადიციული რუბრიკის სტუმარი, (რომელშიც „ვექტორის“ მკითხველს საინტერესო დაწარმატებული  ახალგაზრდების შესახებ ვუამბობთ), დღეს ექიმი ნიკა გავაშელაშვილია, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ვინ არის ექიმი ნიკა გავაშელაშვილი, მოგვიყევით თქვენს შესახებ?

დავიბადე და გავიზარდე ქალაქ მოსკოვში. მყავს უმცროსი და-ძმა, რომლებიც ასევე მოსკოვში ცხოვრობენ. დავამთავრე მოსკოვის სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო აკადემია, შემდეგ გავიარე ინტერნატურა და ამჟამად იუდინის სახელობის სახელმწიფო საავადმყოფოში ქირურგიული განყოფილების გამგის მოადგილედ ვმუშაობ, პროფესიით ზოგადი ქირურგი ვარ. ასევე ვმუშაობ სადოქტორო დისერტაციაზე, რომლის თემაა პერიტონიტი.

 ჰქონდა თუ არა გავლენა თქვენს კარიერულ წინსვლაზე  ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?

რაც შეეხება  საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, ამას ჩემს კარიერაზე არანაირი ზეგავლენა არ ჰქონია.

გაქვთ თუ არა კონტაქტი ქართველ კოლეგებთან?

ქართველ კოლეგებთან ურთიერთობა მაქვს, რადგან საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ სამეცნიერო კონფერენციებზე და ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. მაგალითად, მაქვს კონტაქტი ტრამვატოლოგ თემურ კვეტენაძესთან. მას საკმაოდ ხშირად ვხვდები ხან რუსეთში და ხან საქართველოში. ის არა მარტო კოლეგა, არამედ ჩემი ძალიან ახლო მეგობარიცაა.

როგორია თქვენეული „წარმატების საიდუმლო“?

წარმატების საიდუმლო თავდაუზოგავ შრომაშია! ექიმობის დიდი სურვილი ბავშვობიდან მქონდადა ყველაფერს ვაკეატებდი ჩემი მიზნის მისაღწევად, რაც გამოიხატებოდა სწავლაში, პრაქტიკებსა და კიდევ ერთხელ სწავლაში. ჩემს წინსვლაში დიდი წვლილი მიუძღვის მშობლებს და პროფესორს ბატონ მალხაზ რამიშვილს. აქვე მინდა დავამატო, რომ ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს და დროის უმეეტს ნაწილს საავადმყოფოში ვატარებ.

აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ, რადგან მინდა მივიღო დიდი გამოცდილება საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა დადაგება დრო როცა ჩემს სამშობლოში გავაგრძელებ მოღვაწეობას. ჩემს მომავალს ფიქრებით ყოველთვის საქართველოს ვუკავშირებ.

რა არის თქვენი მაქსიმუმი, რასაც გინდათ, რომ ცხოვრებაში აუცილებლად მიაღწიოთ?

შეიძლება ცოტა ბავშვურად ჟღერს, მაგრამ მსურს  რომ ჩემი საქმიანობით და ცხოვრებით სამყარო უკეთესობისკენ შევცვალო. კარიერას რაც შეეხება, ვისურვებდი ჩემი თავი ისეთი ცნობილი ექიმების გვერდით ვიხილო, როგორებიც ჩემთვის ლეო ბოკერია და მიხეილ დავიდოვი  არიან. ამის მისაღწევად არც თავს დავზოგავ და არც ჩემს შესაძლებლობებს.

პირად საკითხებზეც ვისაუბროთ, დასაოჯახებელი ხარ. არის შენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც მომავალს დაუკაშირებდი?

ამჟამად ჩემს ცხოვრებაში არავინაა ისეთი, ვისთანაც  ჩემს მომავალს დავაკავშირებდიJ

და ბოლოს, რას ურჩევდი იმ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც შენსავით უცხო ქვეყანაში ცდილობენ წარმატების მიღწევას?

საზღვარგარეთ მყოფ ყველა ახალგაზრდას, რომელიც წარამატების მიღწევას ცდილობს, ვურჩევ საკუთარ თავზე იმუშაონ და არავითარ დაბრკოლებას არ შეუშინდნენ ,რადგან წარმატება დიდი შრომის შედეგია.

ანუკი წიწილაშვილი

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი