"მე ვერ ვნახე აფხაზეთში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ქომაგი"
ორშაბათი, 24 ოქტომბერი, 2016 - 12:27

ინტერვიუ ჟურნალისტ დიმიტრი ახალაიასთან.

- როგორც ვიცი პირველი ჟურნალისტი ხარ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, რომელსაც აფხაზეთში ადგილობრივი, დე ფაქტო ხელისუფლების ნებართვით ჟურნალისტური საქმიანობის უფლება მიეცა, როგორ მოახერხე ეს და რამდენი ხანი იყავი აფხაზეთში?

- ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველი ვარ. ვთვლი, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემსა და აფხაზ მეგობრებს შორის არსებული ურთიერთობის დამსახურებაა, რომელიც რამდენიმე წელია უფრო და უფრო უმჯობესდება. აფხაზეთში წელს, 12 ივლისს ჩავედი და 4 დღე გავატარე ჩემს მშობლიურ მიწაზე, ნათესავებთან, ძველ და ახალ მეგობრებთან ერთად.

- ზოგადად როგორ შეაფასებ ადგილზე არსებულ სიტუაციას, თუ შეგიძლია შეადაროთ დანარჩენ საქართველოში არსებულ სიტუაციას?

- აფხაზეთს ვერასდროს ვადარებ სხვა რეგიონებს. ის ყოველთვის განსხვავებული იყო და დღესაც აბსოლუტურად სხვა სამყაროა. რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, იქ დასახლებულ რაიონებში სიტუაცია საკმაოდ წყნარია. ქუჩებში გადაადგილების დროს, თავს საკმაოდ თავისუფლად ვგრძნობდი.

ძალიან მძიმე ვითარებაა ინფრასტრუქტურის მხრივ. ფაქტიურად, რაც ომის დროს დაზიანდა, დღემდე ზუსტად ისე გამოიყურება. თუმცა ბოლო წლებში ნაგებობების ნაწილის რესტავრაცია დაიწყო და სოხუმში ამისთვის ინვესტორები უკვე ნაპოვნია.

- ესაუბრე თუ არა ადგილობრივ ქართველებს, აფხაზებს.. რა განწყობა აქვთ, სურთ თუ არა დანარჩენ საქართველოსთან ცხოვრება?

- ვესაუბრე ყველას, ვინც კი მხვდებოდა, მათ შორის ქართველებსაც. ადგილობრივი ქართველები ქართული სატელევიზიო სივრცის საშუალებით აქტიურად ადევნებენ თვალყურს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, იციან ყველა დეტალი საქართველოს ყოველდღიური ამბების შესახებ.

დიდ ყურადღებას ვუთმობდი აფხაზებთან საუბრებსაც. საერთო ჯამში გამოვიტანე დასკვნა, რომ მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირებისა, ხალხს გასაყოფი არაფერი აქვს. თუმცა რა თქმა უნდა იყვნენ ქართველების მიმართ საკმაოდ კრიტიკულად განწყობილი აფხაზები. ესენი არიან ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრები ომმა შეიწირა და მე მათ გაგები ვუდგები. მათი ჭრილობები ჯერ არ შეხორცებულა და ნებისმიერი სახით თანაცხოვრებაზე მათთან საუბარი არასწორია. ამიტომ ამჟამათ აფხაზეთში საქართველოსთან შეერთებაზე არავინ საუბრობს, თუმცა დამოკიდებულებები დროსთან ერთად იცვლება და ჩნდება ახალი რეალიები, რომლებშიც ჩვენ - მომავალი თაობა ვცხოვრობთ.

- რა დამოკიდებულება აქვთ რუსეთის მიმართ?

- რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემს მიერ გამოკითხული აფხაზების სრული უმეტესობა საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი რუსეთის მიმართ. ადგილობრივი საზოგადოება შეგუებულია ფაქტს, რომ რუსეთი აფხაზეთის ერთადერთი პოლიტიკური მოკავშირეა და ამას ვერსად გაექცევიან. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი საზოგადოებისთვის ნაკლებად დამაიმედებელია, მათ უწევთ ამ რეალობაში ცხოვრება და ისინი უბრალოდ შეგუებულები არიან.

- რა შეიცვალა მათთვის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ?

- როგორც გახსოვთ, 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას რეგიონში საყოველთაო ზეიმი და კონცერტები მოყვა. მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები აღიარების დღესთან დაკავშირებით, როგორც აფხაზეთში მას უწოდებენ: „აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების დღე“. ადამიანები დღემდე აღნიშნავენ ამ დღეს და იკრიბებიან ქალაქების ცენტრალურ ადგილებში სხვადასხვა ღონისძიებებზე.

რა შეიცვალა აფხაზებისთვის რუსსეთის მიერ აღიარების შემდეგ, ვერ გეტყვით. ალბათ არაფერი განსაკუთრებული, გარდა იმისა, რომ ამის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე რამდენიმეჯერ მეტი რუსული ჯავშანტექნიკა და ჯარი დაბინავდა.

- იყვნენ თუ არა ტურისტები?

- სწორედ იმ  დროს ვიყავი, როდესაც ტურისტული სეზონი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე პიკს აღწევს. ეს ივლისის შუა რიცხვებია. მახსოვს, როდესაც ბავშვობაში ჩავდიოდი გუდაუთაში, ტურისტების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. წელს კი ეს რიცხვი ძალიან შემცირებული იყო.

- შეგიძლია თუ არა შეადარო სოხუმში და საქართველოს სხვა საკურორტო ზონებში არსებული ფასები ერთმანეთს?

- თუ შევადარებთ ბათუმს, სოხუმი უფრო იაფია. რასაკვირველია, იმისათვის რომ ტურისტები მიიზიდო, ტურისტული ინფრასტრუქტურა, კრიმინალის დონე, უსაფრთხოება და სხვა უამრავი დეტალი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფასები. ტურისტები უმეტესწილად კომფორტს ეძებენ, რაც ცოტა არ იყოს რთული საპოვნია აფხაზეთში. ეს ყოველივე კი საერთაშორისო იზოლაციის ბრალია. ადგილობრივი რესურსებით რთულია მიხედო ინფრასტრუქტურას და კომფორტაბელური სასტუმროების საკითხს.

- რა ინფორმაცია გაქვს კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით?

- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთში ამ მხრივ საკმაოდ მძიმე ვითარებაა. გარდა ამისა სრულიად აფხაზეთში უმძიმესი მდგომარეობაა ნარკომანიასთან დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიიდან დიდი რაოდენობის სინტეტიკური ნარკოტიკული საშუალებები შემოდის, რასაც ძირითადად მოზარდები მოიხმარენ. მოგეხსენებათ, მსგავსი ტიპის ნარკოტიკული ნივთიერებები ხშირ შემთხვევაში ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს, რასაც შემდგომი კრიმინალური მოქმედებები მოყვება-ხოლმე. დგას ასევე ალკოჰოლიზმის პრობლემა, რომლის შედეგადაც უამრავი ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში ჯდება საჭესთან. ადგილობრივი მმართველობა მათ ხელთ არსებულ რამდენიმე რესურსს იყენებს აღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლისთვის, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ ყოველივეს არ მოაქვს სასურველი შედეგი.

- ესაუბრე თუ არა ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს?

- დიახ, შევხვდი ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებთანაც საკმაოდ ვრცელი საუბრები მქონდა. ისინი ძალიან განათლებულები, საკმაოდ სასიამოვნო და პერსპექტიული პოლიტიკოსები არიან. მათთან კონტაქტი დიდი ხანია მაქვს და ადგილზე ჩასვლამ მხოლოდ გაამყარა ჩემი წარმოდგენები მათზე. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ იყენებს უამრავ ხერხს აფხაზებთან სასაუბროდ და კონტაქტის დასამყარებლად. სამწუხაროა ასევე ის, რომ დღეისთვის, ჩემი აზრით არაფრის მომტანი „ჟენევის მოლაპარაკებები“ გახლავთ ერთადერთი სივრცე, სადაც აფხაზები და ქართველები საუბრობენ. რეგიონში უამრავი პრობლემაა, რომლებთანაც გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების შედეგად. აფხაზური მმართველობის წარმომადგენლები მზად არიან დიალოგისთვის და ამ მზადყოფნას ვერ იყენებს ვერცერთი პოლიტიკოსი საქართველოს მმართველი გუნდიდან. 
 

- როგორია აფხაზეთში პოლიტიკური სიტუაცია მოახლოებული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე?

- აფხაზი საზოგადოება მუდამ ცვლილებების მოლოდინშია. არავინ არ იცის ხვალ რა რეალობაში მოუწევთ გაღვიძება. ამიტომ სიტუაცია საკმაოდ მშვიდია საზოგადოებაში.  რასაც ვერ ვიტყვით ე.წ. ხელისუფლებაზე. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ხაჯიმბამ ე.წ. პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი მთავრობის თითქმის მთელი შემადგენლობა შეცვალა, ნაწილის მომავალი კი დღემდე გაურკვეველია და ისინი მოვალეობის შემსრულებლებად არიან დარჩენილნი. ამიტომ, შეიძლება ითქვას აფხაზეთი საკმაოდ არაერთგვაროვნად ემზადება არჩევნებისთვის. საზოგადოებაში, როგორც სოხუმში, ასევე თბილისში უკვე ხშირად მესმის, რომ 2017 წლის გაზაფხულისთვის დიდი ცვლილებები იგეგმება და მოსალოდნელია კონფლიქტის ესკალაცია. თუმცა მსგავსი მოლოდინები უკრაინაშიც არსებობს, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

- როგორია ადგილობრივების განწყობა ადგილობრივი ხელისუფლების და პოლიტიკური ძალების მიმართ?

- მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილის მოსაზრებებზე, რომლებსაც ისინი მიზიარებდნენ. ამიტომ ჩემთვის რთულია გითხრათ რაიმე სრულ საზოგადოებრივ განწყობაზე. ფაქტია, რომ ჩემს მიერ გამოკითხულთა სრულ უმეტესობას ხელისუფლება არ მოსწონს, თუმცა ეს გამოწვეულია სოციალური ფონიდან და მათ მთლიანობაში არ მოსწონთ პოლიტიკური სამყარო. ალბათ რეგიონში მსგავსი სირთულეები სწორედ კორუფციასთან არის კავშირში, რადგან აფხაზეთში საზოგადოების 90% სიღარიბეში ცხოვრობს, 10% კი შვილებს სასწავლებლად საზღვარგგრეთ უშვებს. ისინი ძალიან დიდი სითბოთი მოიხსენიებენ ყოფილ პრეზიდენტ ბაღაფშს, არძინბას, თუმცა არ მოსწონთ ანქვაბი და ხაჯიმბა.

- რა სახის დაპირისპირებებია პოზიცია ოპოზიციას შორის?

- სიმართლე გითხრათ, მსგავსი დონის შიდა დაპირისპირებებით არ დავინტერესებულვარ და არ ვთვლი ჩემთვის საინტერესოდ. თუმცა ის, რომ ორივე მხარე ცდილობს მაქსიმალურად პრორუსული იყოს, ეს ყოველდღიურობაშიც ნათლად ჩანს.

- იცვლება თუ არა მიდგომები და დამოკიდებულებები საქართველოში ხელისუფლების ცვლილებებთან ერთად?

- ადგილობრივ ქართველებს რაც შეეხება, ისინი თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაონის“ მომხრეები არიან. მე ვერ ვნახე ამჟამინდელი ხელისუფლების ქომაგი აფხაზეთში.

აფხაზებიც თითქმის ანალოგიურად, თუმცა უმეტესწინად მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა ის ადამიანები, რომლებისც საქართველოს ყოფილი მთავრობის მიერ შექმნილი პროგრამით თითქმინს უფასოდ გადიან მკურნალობას საქართველოს მიერ კონტროლირებათ ტერიტორიაზე, თბილისში, ქუთაისსა სხვა ქალაქებში, ძალიან კმაყოფილები არიან.

ზოგადად კი, საქართველოში ხელისუფლების ცვლილება აფხაზეთზე არ ასახულა. არის დეტალები, მაგალითად ის, რომ წინა ხელისუფლების დროს კონტაქტი უფრო არსებობდა ვიდრე დღეს, თუმცა ესეც ნაკლებად ნაყოფიერი აღმოჩნდა.

- თუ გვაქვს რაიმე მიღწევა აფხაზი ხალხის ჩვენსენ შემობრუნების კუთხით?

- ასეთი მიღწევა სახელმწიფო დონეზე, ჩემს მეხსიერებაში სამწუხაროდ არ ფიქსირდება. რაც შეეხება მცირე პროექტებს, რომელიც გათვლილია ერთეულებზე, ასეთი არის რამდენიმე, თუმცა ეს იმდენად მცირეა, რომ არც ღირს განხილვა.

ჩვენდა საუბედუროდ ყველაფერს პირიქით ვაკეთებთ. აფხაზეთის იზოლაცია საერთაშორისო მასშტაბით, მხოლოდ ამძაფრებს იმ დაპირისპირებას, რომელიც თითქმის 25 წელია ხელოვნურად გრძელდება. აფხაზები არ ფიქრობენ საქართველოს შემადგენლობაში შესვლაზე. ისინი არც რუსეთთან გაერთიანების მომხრენი არიან, მათ თავს ახვევენ იდეოლოგიას, რომელიც ქართველების სიძულვილს და ზღაპრულ დამოუკიდებლობას გულისხმობს.
 

- აპირებ თუ არა კიდევ ჩასვლას?...

- დიდი იმედი მაქვს, რომ წელს კიდევ მოვახერხებ ჩასვლას. თუმცა არ მინდა ეს ჩასვლა ცარიელი იყოს. მე ვემსახურები კონკრეტულ მიზანს და ეს არის საზოგადოების ერთმანეთთან დაახლოება და მეტი კომუნიკაციის დანერგვა აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის. დარწმუნებული ვარ, ჩემი აფხაზი მეგობრების დახმარებით ამ მიზანს ერთად მივაღწევთ.

 

ირინე არდაშელია


 

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი