"ბავშვებში სიმსუქნემ ეპიდემიის მასშტაბებს მიაღწია“
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი, 2016 - 11:27

გადაცემას „სტუმრად ექიმთან” ბავშვთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი ფაღავა ესტუმრა. ექიმმა გადაცემაში ისეთ საინტერესო თემებზე ისაუბრა, როგორებიცაა: წონის დეფიციტი, ჭარბი წონა, დიაბეტი ბავშვებში და სქესობრივი მომწიფების ნორმები.

- ბატონო ირაკლი, დავიწყოთ წონის დეფიციტით, ვისაუბროთ იმ ბავშვებზე, რომლებიც უარს ამბობენ სასარგებლო საკვების მიღებაზე…

- აჯობებს, თავიდანვე გავმიჯნოთ ერთმანეთისგან რეალურად წონის დეფიციტი და სიტუაცია, როდესაც არ არის წონის დეფიციტი, მაგრამ ბავშვი უარს ამბობს ჯანსაღი საკვების მიღებაზე. ბოსტნეული პატარას რაციონში 7-8 თვის ასაკიდან უნდა შევიტანოთ, ნელ-ნელა, სიფრთხილით, თუ მშობელი და ექიმი ამ პერიოდს გამოტოვებენ, მოგვიანებით, ბავშვს უკვე უჭირს ასეთ სპეციფიკურ საკვებთან შეგუება და ადვილად ათვისებად, ბოჭკოთი ღარიბ პროდუქტებს ეჩვევა. 6 თვემდე იდეალურია დედის რძე, ეს ძალიან სასარგებლოა როგორც პატარასთვის, ისე დედისთვის, 7 თვიდან კი რაციონი უნდა გავაფართოვოთ. ზოგიერთ მშობელს უჭირს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, თუ რა აჭამოს შვილს. ყველა მშობელმა იცის, რომ ტკბილი მავნეა, თუმცა, მოდიან ჩემთან და ამბობენ, რა ვქნა ექიმო, ბავშვი მთხოვს. რადგან ბავშვი გვთხოვს, არ ნიშნავს, რომ ვალდებულები ვართ მივცეთ. ჩვენ უკეთესად გვესმის რა ეჭმევა და რა არა. თუ არ ვუყიდით მავნე საკვებს, ბავშვი თვითონ ვერ შეიძენს. რაც შეეხება ჭეშმარიტად წონის დეფიციტს, აქ დასადგენია რამდენად არის გამოხატული დეფიციტი და გასცდა თუ არა ნორმის ფარგლებს. გულახდილად რომ გითხრათ, მირჩევნია გადახრა იყოს წონის დეფიციტისკენ, ვიდრე სიმსუქნისკენ, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე, თუ ზღვარს გასცდა, მაშინ უკვე საძიებელია თუ რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე.

- როდესაც მშობელი ამბობს, რომ ბავშვი არ ჭამს, აქ უკვე მშობელმა დაუშვა შეცდომა და პატარა არ მიაჩვია ჯანსაღ საკვებს, როგორ უნდა გადავაჩვიოთ მავნე პროდუქტებს, რა გამოსავალი არსებობს ამ დროს…   

- დიდი ტაქტი გვმართებს, რომ ბავშვის ფსიქიკას ტრამვა არ მივაყენოთ. თუმცა, გაუმჯობესება ძირეული ცვლილებებისა და ერთგვარი ტრამვის გარეშე შეუძლებელია. მე პირადად, ძალიან მკაცრი აკრძალვების მომხრე ვარ. ვმუშაობ ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, სადაც მთელი საქართველოდან და მეზობელი რეგიონებიდან მოყავთ ინსულინ დამოკიდებული ბავშვები, რომლის დროსაც ბავშვმა მკაცრი დიეტა უნდა დაიცვას. ყველაზე გაფუჭებული ბავშვებიც კი, როდესაც ხვდებიან, რომ განსაკუთრებულ მდგომარეობაში მოხვდნენ, ვგულისხმობ საავადმყოფოს გარემოს, ზოგს რეანიმაციაც კი აქვს გამოვლილი, ხედავენ როგორ განიცდის მშობელი ამ დიაგნოზს, ყველა მათგანი მშვენივრად გადადის ჯანსაღ კვებაზე. ბავშვი ტირის იმიტომ, რომ გასდის. ჩვენი სიყვარული გამოვხატოთ კიდევ ერთი წიგნის შეძენით, ან გაასეირნეთ მაგალითად ”ბომბორას” პარკში…

- რა არის მიზეზი იმისა, რომ  ჭარბწონიანი ბავშვების მომართვიანობა ასე გახშირდა…

- მკვეთრად არის მომატებული სიმსუქნის შემთხვევები, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ მოვლენამ ეპიდემიის მასშტაბებს მიაღწია, საშინელება ხდება… რაც შეეხება მიზეზებს, ეს ცხოვრების წესის შეცვლის ბრალია. დღევანდელ ბავშვებს ფიზიკური აქტივობა გაცილებით ნაკლები აქვთ, ვიდრე თუნდაც ერთი თაობის წინ. ბავშვები აღარ თამაშობენ ეზოში, მიჯაჭვულნი არიან ტელევიზორთან, კომპიუტერთან… მეორეს მხრივ კი რაფინირებული ნახშირწყლების ფაქტორი უნდა ავღნიშნოთ, როდესაც მცირე მოცულობის ულუფაში დიდი კონცენტრაციით კალორიაა თანაც ადვილად ათვისებადი ფორმით. თუკი, შუა საუკუნეებში ღიპი შეძლებულობისა და წარმატებულობის ნიშანი იყო, დღეს ეს ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს დრო და ფინანსური შესაძლებლობა მიხედოს თავის თავს და იაროს სპორტზე. დღეს მოსახლეობა იძულებულია ბავშვს აჭამოს ე.წ. ”იაფი კალორია”, ეს არის მაკარონი, პური, შაქარი, რომელიც ძალიან არაჯანსაღია და ძალიან სწარაფად გარდაიქმნება ცხიმოვან ქსოვილად. ჯანსაღი საკვები, მაგალითად ხორცი ბოსტნეული და ა.შ. ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული.

- ბავშვები დადიან ბაღში, სკოლაში და ჩვენ მთლიანად ვერ გამოვრიცხავთ ტკბილეულს. რაღაც დოზით ხომ არის დასაშვები, რა ოდენობით შეიძლება ბავშვმა მიირთვას ტკბილეული?

- შაქარი ევროპის ქვეყნებში მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროპელებმა კარიბის ზღვის კუნძულებს კოლონიზაცია გაუკეთეს და შაქრის ლერწმის პლანტაციები გააშენეს. ამ დრომდე შაქარი ევროპაში არ იყო, იყო მაქსიმუმ თაფლი და ადამიანები მშვენივრად ვითარდებოდნენ შაქრის გარეშეც. მსოფლიოს ენდოკრინოლოგიის აზრით, ბავშვის რაციონში შაქარი მინიმალური ოდენობით უნდა იყოს. თუკი ბავშვი ფიზიკურად აქტიურია, მისთვის მცირე დოზით ხანდახან რა თქმა უნდა ტკბილი დასაშვებია, თუმცა, ბავშვისთვის, რომელიც მთელი დღე კომპიუტერთან ზის, არ შეიძლება, ინდივიდუალური მიდგომაც აუცილებელია. თუ ბავშვმა ტკბილი მოინდომა, მიირთვას ხილი, თუნდაც ყურძნის ერთი მტევანი. რაც შეეხება სკოლებსა და ბაღებს, თუკი სკოლა ფასიანია, მშობელს აქვს უფლება ხმა აიმაღლოს, თუკი სკოლის მენეჯერსა და დირექტორს ესმით ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ეს ძალიან კარგია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ არის.

- რომელი ხილია ბავშვებისთვის უფრო მეტად რეკომენდებული და რომელს უნდა მოვერიდოთ?

- თუ ბავშვი ჯანმრთელია, ეს კი გულისხმობს იმას, რომ ის არის გამხდარი, მისთვის ყველა ხილი დასაშვებია, თუმცა გონიერების ფარგლებში. თუკი ბავშვს აქვს ჭარბი წონა, დარღვეული აქვს ნახშირწყლოვანი ცვლა, აქვს პრე დიაბეტური მდგომარეობა, დიაბეტზე აღარ ვსაუბრობ, ბუნებრივია ტკბილი ხილი უნდა შეიზღუდოს.

- რა ტიპის დიაბეტია უფრო მეტად გახშირებული, რა იწვევს დაავადებას  და რა გამოსავალი არსებობს დიაგნოზის დასმის შემდეგ…

- დიაბეტის მრავალი სახეობა არსებობს, წლების წინ ძირითადად მიიჩნეოდა, რომ ბავშვს შეიძლება დაემართოს დიაბეტი ტიპი 1, ინსულინდამოკიდებული. დღესდღეობით გაირკვა, რომ ასე აღარ არის და ზუსტად სიმსუქნისა და მოზარდების უძრაობის გამო ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტიც გვხდება, რომლის დროსაც სავალდებულო არ არის ინსულინით მკურნალობის დაწყება. საზღვარგარეთ 10-11 წლამდე ასაკიშიც კი გვხდება ეს დაავადება, საქართველოში 12 წლამდე ჯერ არ დამიფიქსირებია. სადიაგნოსტიკო შესაძლებლობების ზრდასთან ერთად იშვიათად, მაგრამ ვახერხებთ ე.წ. მონოგენური შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმას. ასეთი დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობა და მართვა განსხვავებულია.  თანდაყოლილი, ნეონატალური, ანუ ახალშობილთა შაქრიანი დიაბეტი არსებობს, მაგრამ ძალიან იშვიათად, როგორც წესი, შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ბავშვს დიაბეტი 6-7 თვის ასაკის შემდეგ ეწყება. ძალიან მოხშირდა ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის შემთხვევები 2, 3 ,5 წლის ასაკის ბავშვებში. მეორე პიკი არის სქესობრივი მომწფების ასაკში, გააჩნია სქესს – ეს არის 11-13 წლამდე.

- რა არის ის ძირითადი სიმპტომები, როდესაც მშობელმა ეჭვი უნდა მიიტანოს დიაბეტის არსებობაზე…

- დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და წონაში კლება. ეს არის ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის დაწყების სამი კლასიკური სიმპტომი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც ბევრს შარდავს, ყველას დიაბეტი აქვს, ამ დროს ექიმი ვალდებულია გამორიცხოს დიაბეტის დიაგნოზი.

- სიტყვა დიაბეტი ძალიან ნეგატიურ ემოციებთან ასოცირდება. როგორ ცხოვრობენ ბავშვები ამ დიაგნოზით…

- ეს არ არის განაჩენი, ცხოვრება ამ დიაგნოზით შეიძლება, სიცოცხლის ხანგრძლივობა არის ჩვეულებრივი. თუ ადეკვატურად მართავს პაციენტი თავს, დიაგნოზის მიხედავად, ფიზიკური, გონებრივი, სქესობრივი განვითარება, პირადი ცხოვრება და შვილის ყოლა პრობლემას არ წარმოადგენს. რასაკვირველია, გარკვეული შეზღუდვები არსებობს, დიაგნოზი გულისხმობს იმას, რომ ორგანიზმს სჭირდება რომელიმე მეთოდით ინსლულინის შეყვანა, მოხმარებული ნახშირწყლოვანი საკვების დაანგარიშება და შეყვანილი ინსულინის შეფარდება მოხმარებულ ნახშირწყლებთან. მთავარია დროული მიმართვიანობა.

- რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, თუ ბავშვს აქვს სიმაღლეში ჩამორჩენა?

- ცხრილი მშობელს ალბათ არ ექნება, მაგრამ მოვუწოდებ ყველა მშობელს, რომ შეადაროს თავისი შვილი იმავე სქესისა და ასაკის თანატოლებს. თუ მნიშვნელოვანი სხვაობაა, უკვე ყურადღება უნდა მიექცეს. ეს არის ყველაზე მარტივი და ეფექტური  მეთოდი. მიზეზი კი შეიძლება მრავალნაირი იყოს, როგორც ენდოკრინული, ისე არაენდოკრინული. ენდოკრინული სერიოზული დაავადებებიდან ყველაზე ხშირია ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი. ხშირია ასევე ოჯახური, კონსტიტუციური ზრდის შეფერხება, ეს არის შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი მშობელი ან რომელიმე ნათესავი გვიან მომწიფდა და პატარა მის ნაკვალევს მიყვება, ანუ გვიან მწიფდება. შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის, გენეტიკური ან ქრომოსომული დაავადება, ფსიქოლოგიური დეპრივაცია, ქრონიკული ემოციური სტრესი, ნებისმიერი მძიმე ქრონიკული დაავადება, მაგალითად თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. რაც შეეხება ოჯახური კონსტიტუციური ზრდის შეფერხებას, რამდენად პათოლოგიურია ეს მდგომარეობა, ენდოკრინოლოგთა აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი მიიჩნევს, რომ არ უნდა ჩავერიოთ და ადრე თუ გვიან ასეთი ბავშვი ტანს აიყრის, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ უმჯობესია ჩავერიოთ და მივეხმაროთ ბავშვს განვითარებაში, რომ არ დაეძაბოს ურთიერთობა თანატოლებთან, თუნდაც სიმაღლის გამო. საჭიროებს თუ არა ბავშვი სიმაღლეში ჩამორჩენის გამო მკურნალობას, გააჩნია მიზეზს. თუ ტანდაბლობა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტმა გამოიწვია, ვიწყებთ ჩანაცვლებით თერაპიას და შესანიშნავ შედეგს ვაღწევთ. მთავარია დროული ჩარევა – სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე კარგა ხნით ადრე.

- არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი, ეს არის მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, როდესაც ბავშვს აღენიშნება დასწავლის პრობლემები, ასევე ბავშვს აქვს მომატებული ძილიანობა…

- მიზეზი შეიძლება იყოს მრავალგვარი, თუმცა, მე როგორც ენდოკრინოლოგს პირველ რიგში აზრად მომდის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი. მეხსიერების დაქვეითება, ადვილად დაღლა, ძილიანობა, მოთენთლობა, ეს არის კლასიკური ნიშნები ე.წ. ჰიპოთირეოზისა, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობისა. სამწუხაროდ, საქართველო არის კლასიკური იოდდეფიციტური რეგიონი და ბუნებრივია, რომ მაღალია ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. ასევე, თმის ცვენისა და ჭარბთმიანობის შემთხვევაში მშობელმა უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს. ზოგჯერ მოზარდს თმის ცვენის შემთხვევაში მამაკაცური ჰორმონის სიჭარბე შეიძლება აღენიშნებოდეს, რასაც კანონზომიერად გადავყავართ პათოლოგიურ თმიანობაზე. პირველ რიგში სქესობრივ მომწიფებაში შესულ გოგონებზეა საუბარი რადგან საკმაოდ მაღალია ასეთი პაციენტების მომართვიანობა. გარკვეული თმის რაოდენობა ქალისა და გოგონას სხეულზე არის ნორმა, აქვს მნიშვნელობა გენეტიკურ ფაქტორსაც. სამხრეთელებში თმიანობა უფრო მეტად არის გამოხატული და ნორმატივიც კი შეცვლილია. თუ გარკვეულ ზღვარს ცდება, უკვე გამოსაკვლევია მამაკაცური ჰორმონების სიჭარბე, პროლაქტინი და ა.შ.

- ვისაუბროთ სქესობრივი განვითარების ჩამორჩენასა და ნაადრევად მომწიფების ნიშნებზე, რა არის სქესობრივი მომწიფების ნორმა?

- უნდა ვისაუბროთ ვადებზე და თანმიმდევრობაზე. გოგონების შემთხვევაში სქესობრივი მომწიფება უნდა დაიწყოს მკერდის ზრდით და არა თმის გამოჩენით ბოქვენზე, იღლიებსა და დიდ სასირცხვო ბაგეებთან. მკერდის ზრდა 8 წლიდან უკვე ნორმად შეიძლება ჩაითვალოს. ბიჭების შემთხვევაში მომწიფება უნდა დაიწყოს სათესლეების გადიდებით და არა თმის გამოჩენით ბოქვენსა და იღლიაში ან პენისის ფესვთან, 1-2-3 წლით უფრო გვიან, ვიდრე გოგონებთან. თუ ვადები და თანმიმდევრობა დარღვეულია, ჩვენ გვაქვს სქესობრივი მომწიფების ამა თუ იმ ტიპის დარღვევა. ამ დროს ვცდილობთ დავადგინოთ მიზეზი და დავიწყოთ მკურნალობა. ენდოკრინოლოგიაში თითქმის არ არის დაავადება, რომელსაც ვერ მოვერევით.

წყარო

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები