"გუშინ მაია ასათიანის შვილი გარდაიცვალა, მაგრამ მე მოვკვდი. ამდენმა ბოღმამ მომკლა!"
პარასკევი, 24 თებერვალი, 2017 - 12:53

ლალი (მამიდა) გვესვენა სახლში. 
მე იმ დღეებიდან ორი რამე მახსოვს. 
ეს ერთი: ბებია არ კიოდა და ყველას უკვირდა. ისტერიკულად იმეორებდა სიტყვებს და ჩუმდებოდა. 
იმ ქალმა კი კიბიდან დაიწყო კივილი. "ნანულის" ყვიროდა, ბებიას სახელს. მის ხმას სხვა ხმებიც ყვებოდნენ, ისინიც მხოლოდ ნანულის კიოდნენ და მკვდარი ხარ ნანული აწი, მკვდარიო ხმას უმაღლებდნენ.

შვილმკვდარი დედები იყვნენ, ერთად მოვიდნენ ბებიასთან...

მას შემდეგ ბებიაც დედების სახელს იკივლებდა პირველი და ისევ ჩამესმოდა ყურებში იმ ქალების ხმებიც. 
...
და როცა უდედო ბიჭი გარდაიცვალა, ბებიამ თქვა - ცოტა სამართალი კიდევ გქონია ღმერთო, დედამისი მაინც არ მოიასწარიო. 
....
ბევრჯერ მინახავს რაღაც საიდუმლო ენით მოლაპარაკე ბებია და სხვები, შვილმკვდარი დედები… რაღაც, შეთქმულებივით, სხვისთვის არგასამხელი ენით მობუტბუტეები. “მესმის”- ს რომ ცრემლებს უხვედრებდნენ ერათმანეთს და ეს იყო მართლა გაგება. ბევრჯერ მომისმენია აღწერა როგორ იყვნენ “პირველად”, “მერე”, “ახლა”, მაგრამ არსოდეს უთქვამთ ერთმანეთისთვის “გამაგრდი”. თუ ერთი იტყოდა “ არ გამითენდეს დილა”, მეორე პასუხობდა “ამინ” და მიკვირდა, ვიდრე არ ვნახე როგორ ჭამდა ყველას სიკვდილი…
როგორ გაასავათა დარდმა ბებია, ბაბუა, სხვები… 
როგორ გათავდა შუქი მათ სახეზე...
როგორ იკლო მხედველობამ თვალებში...
როგორ დაეტყოთ ტკივილით დაბერილი ვენები სხეულზე...
როგორ გაუცვდათ კანი სიმწრისგან რომ ეწვოდათ...
როგორ დაცოტავდა დღეები და გაიწელა უსაშველოდ... როგორ არაფერს ეკიდება ფასი და ფერი...
როგორ გაიშვიათდა და გაქრა სიხარული. ჩვენით, დანარჩენებით გამოწვეული სიხარულიც კი, სულ სხვანაირი გახდა.

და თქვენ, არავის გენახოთ!

არავის გენახოთ, შვილმკვდარი დედები როგორ ჭამენ საჭმელს! 
ყოველ ლუკმას როგორ შხამად არგებენ საკუთარ თავებს.

არავის გენახოთ, როგორ სუნთქავენ შვილმკვდარი დედები! 
როგორ ინახავენ ჰაერს ფილტვებში, თითქოს და…

არავის გენახოთ, როგორ ახელენ შვილმკვდარი დედები თვალებს! "ისევ გათენების" დარდით…

როგორ ეფერებიან შვილიშვილებს! ორჯერ, ორმაგად, უძღებად, ოხ, რამდენი სიყვარულით და რამდენი ტკივილით! 
რამდენი მოგონებით და რამდენი რამის დავიწყებით!

არავის გენახოთ, ადამიანებო!

…. და დედას, რომელსაც ერთადერთი შვილი მოუკვდა…

თავადაც მოკვდა. 
სულ ერთია, როგორ გააგრძელებს ცხოვრებას, ის მაინც მკვდარია უკვე.

და ვის შეემატა სიცოცხლე ამით? რატომ ვლაპარაკობთ სხვის სასჯელზე?

სულ მგონია, მართლა დედის რძე აღარ გვერგება…

მახსოვს, სოფელში ვინმე რომ მოკვდებოდა, თუ ოჯახს მომდურავი ყავდა, მეზობლები შეარიგებდნენ ხოლმე. ჭირში, მომდურავი, მტრად მყოფებიც კი, რიგდებოდნენ.

ძალიან დამამძიმა წაკითხულმა გამოხმაურებებმა. 
ბოდიში მათთან, ვისაც გულწრფელად გაუჩნდა თანაგრძნობა, მაგრამ ხანდახან მეჩვენება - ჩვენ უკვე მკვდრები ვართ. 
და ამ სიკვდილის მეშინია. ჩვენი სიკვდილის, თორემ საკუთარს დიდი ხანია ასე ვუყურებ - “არა როგორც უკუნეთს, ან მტერს დაუძინებელს, სიკვდილს ისე ვუყურებ, როგორც აუცილებელს”.

გუშინ მაია ასათიანის შვილი გარდაიცვალა, მაგრამ მე მოვკვდი.
ამდენმა ბოღმამ მომკლა! გაუთავებელმა სიძულვილმა მომკლა! იმ გვამებმა, თავისზე ადრე სხვას რომ ხრწნიან!

ელისო კავილაძე, ჟურნალისტი

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები