მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია ახალგაზრდების შერჩევას იწყებს
ხუთშაბათი, 06 აპრილი, 2017 - 22:59

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია ახალგაზრდების შერჩევას იწყებს, რომლებიც თბილისსა და ბათუმში 2 კვირიან მასტერკლასებში მიიღებენ მონაწილეობას. 13-დან 25 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ ჩაერთონ პროექტში და მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია კარიერული ზრდის თვალსაზრისით.
 
როგორც აკადემიის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი შორენა ცინცაბაძე აცხადებს, წელს აკადემია სამ მუსიკალურ საკრავს - ფორტეპიანოს, კლარნეტს და ვიოლინოს  წარმოაჩენს. პროექტში მონაწილეობის მსურველები წარსდგებიან მოსმენებზე,  რომელთა ჩატარების თარიღიც, ვებგვერდზე www.misa.ge განთავსდება, ან ამავე ვებგვერდის მეშვეობით გამოაგზავნონ აპლიკანტის შესრულებით მუსიკალური ნომრის ვიდეო. ვიდეოჩანაწერების გაგზავნა უკვე შესაძლებელია. 
 
"მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია წარმატებით ჩატარდა გასული 2 წლის განმავლობაში და შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც კლასიკური მუსიკით დაინტერესებული ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისებას და მათ პროფესიულ ზრდას ემსახურება. ადგილობრივ  ახალგაზრდობას ეძლევთ უნიკალური შანსი რამდენიმე დღის განმავლობაში უსასყიდლოდ იმუშაონ მსოფლიო დონის მუსიკოს-შემსრულებლებთან. გარდა იმისა, რომ პროექტი ახალგაზრდების საშემსრულებლო დონის სრულყოფასა და მუსიკალური გემოვნების დახვეწას უწყობს ხელს, ის ასევე შესანიშნავი საშუალებაა ქართველმა ახალგაზრდებმა დაამყარონ საერთაშორისო კონტაქტები, მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა გაცვლით პროგრამებზე და, რაც მთავარია,  საუკეთესოებს ეძლევათ  ასევე უნიკალური შანსი აისრულონ პროფესიული ოცნება - სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგნენ მსმენელთა წინაშე დიდ საკონცერტო დარბაზებში“,- განაცხადა შორენა ცინცაბაძემ.
 
აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი ასევე განმარტავს, რომ პროექტი წელს  უფრო მასშტაბური იქნება. მისივე თქმით, წელს მოწვეულ პროფესორებს შორის არიან ამერიკის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტი ჯერომ როუზი, მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი არტურ ნაზიულინი და  მევიოლინე  ნანა იაშვილი. 
 
„თავდაპირველად დაიწყო ქალაქ ბათუმში, მოიცავდა მხოლოდ ერთ საკრავს-ფორტეპიანოს. გასულ წელს, ადგილობრივ პედაგოგთა თხოვნის გათვალისწინებით, დაემატა ჩასაბერი საკრავი. როგორც ვიცით, წელს ღონისძიება თბილისსა და ბათუმში ჩატარდება და სამ მუსიკალურ საკრავს - ფორტეპიანოს, კლარნეტს და ვიოლინოს  წარმოაჩენს. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია აკადემიის მასშტაბურობის გაზრდა. ვფიქრობთ, აღნიშნულმა პროექტმა გაამართლა და საჭიროებს მეტ მხარდაჭერას, როგორც სახელმწიფო დონეზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რათა წლიდან წლამდე კიდევ უფრო მასშტაბური, სასარგებლო და საინტერესო გახდეს. ცხადია, მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკდემიის მხარდაჭერით ქმედით დახმარებას გავუწევთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რათა სრულყონ თავიანთი ოსტატობა, მეტად განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც შემდგომში ასახვას ჰპოვებს ადგილობრივი სიმფონიური და ოპერის თეატრის ორკესტრების მუსიკალური საკრავების დეფიციტის აღმოფხვრასა და საერთო მუსიკალურ საშემსრულებლო დონის ამაღლებაში. ანუ, ქალაქს უჩნდება შანსი მეტად დააინტერესოს და მოიზიდოს ახალი კადრები, რათა სამუსიკო სასწავლო დაწესებულებები შეივსოს შესაბამისი კონტიგენტით და შედეგად-შენარჩუნებულ იქნას ძალიან მნიშვნელოვანი კატეგორია მუსიკოსებისა“- აღნიშნა შორენა ცინცაბაძემ და დასძინა, რომ პროექტის შედეგად უნდა მოხდეს ახალგაზრდა თაობის მოტივირება, რათა თავიანთი მუსიკალური კარიერა საქართველოს დაუკავშირონ.
 
„მოგეხსენებათ, საქართველოში არ გვაქვს ფუფუნება მრავლად  გვყავდეს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო დონის პროფესიონალი ხელოვანი. მათი უმეტესობა ძირითადად ემიგრაციაშია. აქედან გამომდინარე, ჩვენს სამშობლოში მსგავსი პროექტების განხორციელება დიდ სტიმულს წარმოადგენს ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, რომელთაც მიეცემათ საშუალება შეამოწმონ თავიანთი შესაძლებლობები განსაკუთრებულ გარემოცვაში, სხვადასხვა სკოლის წარმომადგენელ, ნეიტრალურ პიროვნებასთან,   გამოცდილ მუსიკოსთან მასტერკლასების მიღებისას. ამისათვის მათ არ მოუწევთ უცხო ქვეყნებში გამგზავრება, რაც მოგეხსენებათ, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა“, - განაცხადა შორენა ცინცაბაძემ.
 
პროექტის ავტორების თქმით, აკადემიის მონაწილე გამორჩეულ კურსანტებს საინტერესო პრიზებიც ელით. მათ შორის სპივაკოვის ფონდის სტიპენდია - 300 დოლარი 4 თვის განმავლობაში. გამგზავრება საზღვარგარეთ და კლასიკური მუსიკის კონცერტზე დასწრება,  ასევე  თბილისის კონსერვატორიის  დარბაზში პროფესიონალ მუსიკოსებთან ერთად საკონცერტო ნომრის შესრულება. 
 
მოწვეული პროფესორებისთვის სპეციალურ პრიზს აწესებს საქართველოში ყველაზე ძველი ბრენდის, გამორჩეული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია„სარაჯიშვილი“. ასევე, უცხოელ პროფესორებს და აკადემიის მონაწილეებს ეკოლოგიურად სუფთა ქართული სოფლის ნაწარმის მაღაზია „ხურჯინი“ გადასცემს ტკბილეულს, სასმელებს და სხვა სახის ნუგბარს.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები