მე ის მიკვირს, საპატრიარქოს ამბების შემდეგ, "ჩცდ"- ის პრომო რომ გიკვირთ...
პარასკევი, 15 სექტემბერი, 2017 - 15:23

ერთ-ერთი რაიონის ერთ-ერთ სოფელში სწირავს მამაო, სრულიად განსახიერება იმ ადამიანის, როგორიც სასულიერო პირი უნდა იყოს, უანგაროდ და დაუზარლად ემსახურება თავის მცირერიცხვოვან მრევლს, ხოდა ერთი წოდებით და მდგომარეობით  (რასაც შინაგან მახასიათებლებზე ვერ ვიტყვი), მასზე მაღლა მდგომი რელიგიის წარმომადგენელი ამ მცირერიცხვოვანი მრევლიდან მიღებულმა შემოსავალმა არ დააკმაყოფილა, შემოწირულობამ,  რომელიც სანთლის ფულად ძლივს ყოფნის ტაძარს და მენდეთ სიტყვაზე, პირდაპირი მნიშვნელობით  საქმე გაურჩია მის ,,ხელქვეითს“, ეს არ იკმარა და სოფლიდან გაგდებითაც  დაემუქრა.

ძალიან გაბრაზებულმა, მაშინვე გადავწყვიტე ეს ამბავი კონკრეტული სახელებითა და გვარებით, ასევე მსახურების ადგილებით, ჯერ საჯაროდ გამომეფინა, მხოლოდ იმიტომ რომ სხვას აღარ გაებედა მსგავსად მოქცეოდა ღირსეულ სასულიერო პირებს და მათ მრევლს, რომლებიც ასევე ღირსეულ ადამიანები არიან და შემდეგ შესაბამისი უწყებებიც დაინტერესებულიყვნენ ამ ფაქტით, მათ შორის საპატრიარქო. მხოლოდ იმიტომ შევიკავე თავი, რომ ამ სოფელში აღმოჩნდნენ ღირსეული ადამიანები, რომლებმაც სიმართლის და სამართლიანობის მხარე დაიჭირეს და ეს საკითხი ძალიან მოკლე დროში მოაგვარეს, ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ იმიტომ არ „დაიბრმავეს თუალნი და დაივსეს ყურნი“, რომ  მაღალი იერარქიის სასულიერო პირს ეხებოდა საქმე. 

დამიჯერეთ, ეს ადამიანები არავისზე ნაკლები რწმენითა და სიყვარულით არ ცხოვრობენ საკუთარი ქვეყნისა და რელიგიის მიმართ. ამიტომ თუ რაღაც არასწორია, თუ რაღაც არ მოგწონს, ვის და რასაც არ უნდა ეხებოდეს, მხოლოდ მახინჯურად ჩამოყალიბებული დოგმების გამო არ ღირს რომ გავჩუმდეთ და თუ ჩვენ მაინც ვერ ვბედავთ, ისინი გავასწოროთ მიწასთან ვინც ამას აკეთებს.

შეიძლება ისევ და ისევ იმის გამო, რომ საქართველოში ვცხოვრობთ (აქ კი რელიგიური საკითხები მეტად სენსიტიურია და საზოგადოების უმრავლესობა მძაფრად აღიქვამს ყველაფერს, რაც რელიგიას და რწმენას ეხება) რელიგიაზე  წერა და თან კრიტიკა ყველა ჟურნალისტისთვის საჩოთირო საკითხია, თან როცა ასე ძალიან გვიყვარს, ადამიანების რაღაც ჯგუფებთან მიწეპება მათი ამა თუ იმ ნააზრევის გამო და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მოვყევი, რომ სოციალურ ქსელში „ჩცდ“- ის ახალი პრომოს კრიტიკოსთა ზღვას გადავაწყდი.

ღრმად მწამს, რომ შემოქმედების ფორმები: მხატვრობა, მუსიკა, ლიტერატურა... და ახლა უკვე ფოტო და კინემატოგრაფიაც, ადამიანების განათლების ამაღლებას, მანკიერებების, პრობლემების ჩვენებას და მათი აღმოფხვრის საშუალებების ძიებას მაინც უნდა ემსახურებოდეს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმითვისაა რომ უკეთესები ვიყოთ და ვერ ვხედავ ვერანაირი კრიტიკის საფუძველს უშუალოდ სერიალის („ჩემი ცოლის დაქალები“) პრომოს მიმართ, უფრო პირიქით და თუ თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც ახალ ამბებს აქტიურად ადევნებს თვალს, რატომ გიკვირთ, რომ ვიღაცას სრულიად სამართლიანი სურვილი გაუჩნდა, რომ თავის შემოქმედებაში აესახა საზოგადოების ნაკლი, ახლა არ მითხრათ, რომ რელიგიის წარმომადგენლები საზოგადოების ნაწილს არ წარმოადგენენ და ის განსაკუთრებული კასტაა, რომელსაც არაფერი ეშლება. სწორედ ეს „სირაქლემის პოზიცია“ გარკვეული საკითხების მიმართ, ხელს გვიშლის წინსვლაში, მათ შორის სულიერი კუთხით და ადამიანების იმ ნაწილს, რომელსაც რელიგიური კუთხით განათლებულობაზე აქვს პრეტენზია (ჩემს თავს მათ შორის არ მოვიაზრებ), კარგად უნდა ესმოდეს, რომ ქრისტიანობა სწორედაც ყველაზე თავისუფალი და ჰუმანური რელიგიაა რელიგიათა შორის.

გაითვალისწინეთ: მიმაჩნია, რომ მოყვარეს პირში უნდა უძრახო, ამიტომ ამ მასალის გამო თავის მართლებას არავისთან არ ვაპირებ!

p.s. არ მივეკუთვნები რელიგიის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რადიკალურ ფრთებს;  არ  მივეკუთვნები სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებელთა და მით უმეტეს, „ფანების“ რიცხვს (ერთი სერიაც კი არ მაქვს ნანახი)!

ჟურნალისტი ანუკი წიწილაშვილი

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები