ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა
ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2017 - 18:29

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა.

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნულის მიზეზად საკრებულოში 29 სექტემბერს განვითარებული მოვლენები დაასახელა. 

ელისაშვილმა თბილისის საკრებულოს "ბიძინა ივანიშვილის ნოტარიული ბიურო", ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის მიერ საკრებულოში პოლიციის გამოძახებას "საკრებულოს შენობაში ეგზეკუცია" უწოდა. 

"ეს არის ჩემი ამ შენობაში ბოლო პრესკონფერენცია. მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს. მე მიმაჩნია, რომ 29 სექტემბერს ამ შენობაში განვითარებული მოვლენების გამო შეუძლებელია აქ, სამსახურში სიარული, სხდომებსა და კომისიების მუშაობაში მონაწილეობა, ეს არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი.

29 სექტემბერს თბილისის საკრებულო იყო არა ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ხალხისა და თბილისის პრობლემებზე უნდა მსჯელობდეს, არამედ ერთი კაცის მომსახურე ნოტარიული ბიურო. დაჩქარებულად, ფაცი-ფუცით, ყოველგვარი განხილვის, მსჯელობის, არგუმენტების გარეშე, თბილისის საკრებულომ ერთ ადამიანს დაურტყა ყველაფერზე ბეჭედი და მისცა ყველაფრის ნება. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ამას დაერთო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ამაზრზენი საქციელი, როდესაც მან პოლიციური რაზმები გამოიძახა, ნაცვლად იმისა, რომ ყველაზე განსხვავებული მოსაზრების მქონე ოპონენტებისათვის ტრიბუნა დაეთმო და ამის შემდეგ მოაწყო საკრებულოს შენობაში ეგზეკუცია", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 
 

 
 
 
 

მისივე თქმით, შეიძლება არასერიოზულად ჟღერდეს ამ მოწვევის საკრებულოს მუშაობის დასრულებამდე სამი კვირით ადრე მის მიერ საკრებულოს დატოვება, მაგრამ ეს მომხდარ მოვლენებზე რეაქციაა. ელისაშვილმა მოუწოდა კოლეგებს, ვისაც აქვს ღირსების განცდა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დატოვონ თბილისის საკრებულო. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ამით საკრებულოს დეპუტატები დაამტკიცებენ, რომ არ არიან "ერთი კაცის ნოტარიული ბიუროს ხმები და ყურმოჭრილი თანამშრომლები". 

ელისაშვილის თქმით, საკრებულოს დატოვების შსესახებ მას განცხადება უკვე დაწერილი აქვს და საკრებულოს თავმჯდომარეს ჩააბარებს.

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები