"მთავარია უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი დასაქმებული გვყავდეს"
ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი, 2017 - 11:46

„ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ - მთავარი ის კი არ არის, უფრო მეტ გაჭირვებულ ადამიანს დავეხმაროთ, მთავარია, უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი გვყავდეს, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ბიზნესს განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს, რათა ადამიანებს თვითრეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად,  სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ჩუღურეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას თბილისის განვითარების პროგრამულ ხედვაზე ესაუბრა და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

“ძალიან მიხარია, რომ ყველა თაობის წარმომადგენელი არის მოსული ამ შეხვედრაზე. ეს გასაგებიც არის, რადგან ყველას აინტერესებს, როგორი იქნება ხვალინდელი თბილისი, რის გაკეთებას ვაპირებთ, რა როგორ გვაქვს დაგეგმილი, რა პროექტები განხორციელდება. რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელიც აქტუალურია, შესაბამისად, ჩვენი საარჩევნო პროგრამა, რომელიც შედგება შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან, მოიცავს ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს. ქალაქში არის რაიონები, რომელსაც სჭირდება განვითარება და ჩვენი მთავარი ამოცანაა რაიონების, უბნების თანაბარი განვითარება. თბილისში მცხოვრებმა ადამიანმა დედაქალაქი უნდა იგრძნოს საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ რაიონში და საკუთარ უბანში. პირველი, რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება გენერალური გეგმის მიღება, რომელიც ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია იქნება, შესაბამისად, აღკვეთავს ქაოტურ განაშენიანებას, რაც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში  დაგროვებული პრობლემაა“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქაოტური განაშენიანების გარდა, მერად არჩევის შემდეგ, იზრუნებს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებასა და სოციალური საკითხების მოგვარებაზე.

თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად ჩუღურეთის მოსახლეობას ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში - გიორგი ვოლსკი და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი რიმა ბერაძე შეხვდნენ.

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები