"მარიტა ცოცხალია, მაგრამ მარიტა ყოველდღე კვდება..."
ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი, 2017 - 15:52

წლების წაკითხული მქონდა "ნატვრის ხე", ფილმიც რომ ვნახე. მაშინ წიგნიდან მხოლოდ დაშორებული შეყვარებულები და სიბრაზისგან დაკვნეტილი ფრჩხილები მახსოვდა. 

ფილმის შემდეგ წიგნი ისევ წავიკითხე და აზრი არ შემცვლია - ჩემთვის თავად ლეონიძემაც ვერ თქვა ისე, როგორც კადრებმა.

ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალაო რომ წავიკითხე, სულ, სულ პირველი რაც თვალებში დამიდგა "ნატვრის ხის" ბოლო სცენიდან, ტალახის სასროლად დახრილი ბავშვი და მისი მოქნეული ხელი იყო. არ ვიცი, რატომ? მაშინვე რაღაც ძალიან საშიში, მარიტას აღსასრულზე საშიში, ვიგრძენი ამ სცენაში - ტალახის მსროლელი ბავშვი, ციციკორეზე საშიში მეჩვენა.

როგორც უმეტესობას, ლიკა ქავჟარაძეზე მეც პირველი მარიტა მახსენდება. თუმცა, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება მარიტას სიკვდილს არ უდრის ჩემთვის. 

მარიტა ცოცხალია, მარიტა ყოველდღე კვდება, მარიტას ყოველდღე ვსვამთ ვირზე და ვესვრით ტალახს, მაგრამ მარიტა, ვიდრე ჩვენ ვართ, უკვდავია.

ლიკა ქავჟარაძე კი გარდაიცვალა.

ათას "გაყიდვად" სათაურს წავაწყდი დღეს გარდაცვალების ვერსიებსა და განვლილ ცხოვრებაზე. ჩვეულებრივია - ჩვენ ხომ მარიტას ყოველდღე ვკლავთ! 
და მერე ვგლოვობთ.

და მერე როგორი გლოვა ვიცით?!

ვის ვგლოვობთ ახლა,ლიკას თუ მარიტას? 
არც ერთს! 
ჩვენ, როგორც ყოველთვის, "ჩვენს წილს" ვგლოვობთ. ხო ასე - თუ ნიჭიერი და ლამაზი საქართველოში დაიბადა, ის ჩვენ გვეკუთვნის. განა ვიღებთ, განა გვჭირდება, ანდა ფასი გვესმის, მაგრამ ვისაკუთრებთ. როგორც ლიკა დავისაკუთრეთ - ქართული სილამაზე! ამაყად, ყელმოღერილი თავებით დავცქეროდით ლიკას ფოტოებს და, ძალიან ცოტაჯერ თუ გვიფიქრია - ეს ქართული სილამაზე ლიკა ქავჟარაძე, ნიჭიერი მსახიობი ქალია, ადამიანი, ერთი კონკრეტული ადამიანი.

მე მაგალითად, ლიკა ქავჟარაზე, გაზრდილი, მარიტა კი არა ლიკა, მარიტას გარეშე ლიკა, დაფასებული ვერსად დავინახე. სადაც უნდა მიეწვიათ ლიკა, რაზე სასაუბროდ, სულ ერთი იყო - მაინც აიძულებდნენ მარიტას ჩრდილში დგომას. მაინც იმას ამეორებინებდნენ როგორ ხვდებოდა წლების წინ ხალხი ქუჩაში. რამდენს უყვარდა და რამდენად ლამაზი იყო. არაა, ამ ქალს მარიტას იქით არ გაახედეს!

ადრე მინახავს, რომელიღაც გადაცემაში, რაღაც იმდროინდელი, ახალი ფილმის შესახებ. ისევ ვირზე შემჯდარი თამამი კადრების გამო და ისევ მარიტას ძახებით, ძალიან სევდიანი სახით როგორ გააპარა თვალები კამერის მიღმა. სულ მახსოვს ეს.

ხოდა "ქართული სილამაზე", "მარიტა" სათანადოდ უნდა ვიგლოვოთ ახლა. მეც ასე, ვიხსენებ ამ კადრებს და არ მინდა თქმა, მაგრამ ლიკას სამარემდე მიცილების სცენაც ასეთივე წარმომიდგენია - უსუსურად ჩამოყრილი მხრებით დამდაგარი ხალხი. ახლა სიკვდილსაც ვერ ვაპატიებთ ალბათ, როგორც ადრე სილამაზე, "ქართული სილამაზე" ვერ ვაპატიეთ ამ ნიჭიერ მსახიობს და უბრალოდ ადამიანს..."

ჟურნალისტი ელისო კავილაძე

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები