"ლაღიძის წყლების" ყოფილი კაფეს შენობა იპოთეკითაა დატვირთული - დავა სასამართლოში მიმდინაობს
პარასკევი, 01 დეკემბერი, 2017 - 15:30

ლაღიძის წყლების ყოფილი კაფეს შენობა იპოთეკითაა დატვირთული - დავა სასამართლოში მიმდინაობს.

ამის შესახებ „ვექტორს“ ფართის მფლობელის კომპანიის შპს „ლინკოლნ მენეჯმენტ ჯორჯიას“ იურისტმა გურამ კონტუაძემ განუცხადა.

„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კომპანიაში მენეჯმენტის ცვლილება განხორციელდა, შესაბამისად, სათავეში ახალი გუნდი მოვიდა. კომპანიის გადმობარების დროს რა თქმა უნდა მოხდა მთლიანი შემოწმება და აღმოჩნდა რომ ვფლობთ რუსთაველის გამზირზე მდებარე „ლაღიძის წყლების“ ყოფილი კაფის შენობას, რომელიც  იპოთეკითაა დატვირთული. იპოთეკარად საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მითითებულია უკრაინული პრივატ ბანკი. ამის შემდგომ კომპანიამ დაიწყო გამოძიება თუ საიდან იყო ეს იპოთეკა და 2017 წლის ნოემბერში, აღნიშნული იპოთეკის ბათილად ცნობის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, როგორც უკანონო გარიგება. სარჩელი უკვე წარმოებაშია და გაგზავნილია უკრაინაში. ველოდებით შესაბამის რეაგირებას. ამასთან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ დაახლოებით ერთი წლის უკან, აღნიშნული ბანკის ნაციონალიზაცია მოხდა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობა განხორციელდეს, რათა კომპანია ქონების სრულუფლებიანი განკარგვა და რეალიზება მოახერხოს. სასამართლო დავას პროცედურულად დაახლოებით 2 ან 3 წელი დასჭირდება“, - განუცხადა „ვექტორს“ გურამ კონტუაძემ და დასძინა, რომ იმედოვნებს ქართული სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს და ამ საკითხში ნებისმიერი სახის დახმარება მისთვის მნიშნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა წინადადებით, "ლაღიძის წყლების" ყოფილი შენობის გამოსყიდვა მოხდეს და ადგილზე კვლავ ისტორიული კაფე განთავსდეს.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2007 წელს არის რეგისტრირებული და მისი მესაკუთრეები არიან: შპს ვი-ტი კომპანი - 25%; ლინკოლნ მენეჯმენტ კორპ. - 75%. კომპანიის დირექტორი უკრაინის მოქალაქე ევგენ უსტინოვია. 

 

ირინე არდაშელია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი