"ქართული ცეკვა არც ჩემია, არც შენი და არც ილიკო სუხიშვილის"
ხუთშაბათი, 18 იანვარი, 2018 - 20:27

"არ დამიჭყეტია კრიტიკული თვალები "სუხიშვილების" ექსპერიმენტის საყურებლად და შესაძლოა, საერთოდ არ მომეწონოს, მაგრამ ამ გულზე მჯიღის კვრას რომ ვუყურებ, მაინც მინდა ვიკითხო: თითქოს ბაბუათქვენისთვის წაერთმიოს ვინმეს საავტორო უფლება, ისე რომ გაცოფებულხართ, ანდა თქვენი წილი ქართული მიეთვისებინოს ვინმეს, რატომ არ ფიქრობთ იმაზე, რომ ქართული ცეკვა არც ჩემია, არც შენი და არც ილიკო სუხიშვილის? ანდა იმაზე, რომ ეს ცეკვები, ჩვენი ხალხური ცეკვები, მაინცდამაინც ამ მოძრაობებით არ შექმნილა და ვიდე ჩვენამდე მოაღწევდა იცვლებოდა და მოსალოდნელია, რომ ჩვენი შვილთაშვილები სხვაგვარად იცეკვებენ? ანდა, რას ფიქრობთ, ეს ერთი კაცი და მისი ოცი მოცეკვავე შეცვლის ცეკვას? ანდა რატომ მოუნდათ შეცვლა? "სუხიშვილებმა" შეცვალეს ილეთები სხვა ცეკვებშიც, მაგრამ ამით "აჭარული"  არავის დავიწყებია. 
 

ის მიკვირს, რაღაცას ისე რომ იცავთ, თითქოს მეტი არაფერი გვეკარგებოდეს, თორემ აგინეთ ილიკოს და მის მოცეკვავეებს, უგუნურების მაგალითები არც უამისოდ გვაკლია და ერი ამ ერთსაც აიტანს. 
 

გამახსენდა, "სულიკო" რომ იმღერა ნინო ქათამაძემ. ისე ატყდა საზოგადოება მაშინაც, გეგონება სწორედ მათი, საკუთარი ლექსი დახია ვინმემ. არაა ეს ცეკვა მარტო შენი და ჩემი და ყველა ისე ვცეკვავთ , როგორც გვეცეკვება, თორემ თუ ეროვნული ვალდებულებაა (არადა არის) ქართული ხალხური ცეკვების ცოდნა, რატომ მაინცდამაინც სიმთვრალის ბოლო სტადიაში "ვიცით"? თითქოს ქართული ცეკვა, ვიღაცის მიერ შესრულებული არ იყოს საამაყო და თავად ვცეკვავდეთ. სულ ასე ვიცით ჩვენ - არაფერს ვაფასებთ და როგორც კი ვიღაცას საკუთარი აზრი თუ ხედვა გამოუჩნდება, "გვართმევს" და "გვიკლავს". თითქოს "ქართული" ქორწილში სავალდებულოდ შესასრულებელი და ნაუცბათევად ნასწავლი ცეკვა არ იყოს და თაობებს ვაწვეთებდეთ მის სიყვარულს.

მეზობლებთან შესაჯიბრებლად რომ დაგვყავს შვილები "ცეკვის წრეში",  ხომ არ დაგვავიწყდა? აქამდე თუ მოაღწია ხალხურმა ცეკვებმა, ისევ მოიძებნება შენახვისა და დაცვის საშუალება. ხოდა, ნუ გეშინიათ, ვიდრე ჩვენ ვარსებობთ ქარათულ ცეკვას საფრთხე არ ემუქრება და როცა თაობები ჩაგვანაცვლებენ, იმაზე ვიდარდოთ სხვა რა რჩებათ ჩვენგან, თორემ საცეკვაოდ მიეცეს საქმე ერს და იქნებ ისეთი იცეკვოს პირველი ილიკო დგებოდეს საფლავიდან. :) 
 

პ.ს. რამდენიმე მოძრაობა მომეწონა (მაგალითად, ქალის ტრიალი კაცის წინ), ზოგი ზედმეტად ხელოვნურია და თითქოს "მუსიკაა ჩართული და ვიმოძრაოთ" ამბავია. ეს ისე, მცირე ნაწყვეტი ჩემი შთაბეჭდილებიდან.

ჟურნალისტი ელისო კავილაძე

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები