ვინ მოკლა გენერალი?
სამშაბათი, 23 იანვარი, 2018 - 00:30

15 იანვარს რუსთავში გენერალი, შპს „ერთობის“ (ე.წ. სტამბოლის ბაზრობა) მეწილე სამსონ (სოსო) ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ბიზნესმენის ცხედარი კაბიმნეტში მისი დაცვის თანამშრომელმა დაახლოებით საღამოს 5 საათზე ნახა, მკვლელობის დროდ კი კი 16 საათი და 40 წუთი დაფიქსირდა.

გავეცელებული ვერსიით გენერალი ქუთათელაძე ბაზრობის წილებზე დავას შეეწირა. მკვლელობის დროს სავაჭრო ობიექტები ღია იყო, თუნცა გასროლა არავის გაუგონია.

ბაზრობის თანამშრომელი გვიყვება: „მკვლელობის დღეს, დილის საათებში, ბატონ სოსოს უცხო მელოტი მამაკაცი ესტუმრა. ამის შემდეგ ბიზნესმენი წავიდა და 3 საათზე დაბრუნდა, თნამაშრომლებსაც გამოგველაპარაკა.მას მალევე მოჰყვა ორი უცხო მამაკაცი და მის კაბინეტში შევიდნენ. როდის გამოვიდნენ არ დამინახავს. ყველაზე ბოლოს, დაახლოებით ხუთის ნახევარზე, მასტან გიორგი ჭანტურია შევიდა, ნახევარ საათში კი დაცვამ გვამი იპოვა. მკვლელმა იმით ისარგებლა, რომ ამ ტერიტორიაზე კამერები არ მუშაობს.“

ლაშა გაბელია, სოსო ქუთათელაძის დეიდაშვილი: „სოსოს მტრები არ ჰყავდა, უკონფლიქტო ადამიანი იყო. მის ახლობლებს ვერსია არ გვაქვს, მხოლოდ ის ვიცი, რომ წილების გასხვისებაზე იყო ლაპარაკი და, შესაძლოა ტრაგედია ამას მოჰყვა. „

საჯილდაო ქვა

სამსონ ქუთათელაძე შპს „ერთობის“ თანამფლობელი 2016 წლიდან გახდა. კომპანიაში ის ბაზრობის 29 პროცენტის მფლობელი იყო, 28-28 პროცენტს ებრაელი ბიზნესმენები - უზიელ ნონი და დავით შატო (შათაშვილი) ინაწილებენ, 15 პროცენტის მფლობელი კი რუსთავის მერიაა.

„სტამბოლის ბაზრობა“ ქვემო ქართლის ყველაზე დიდი ბაზრობაა, სადაც 4000-მდე ადამიანია დასაქმებული. ბაზარი დავის საგანი 2009 წლიდან გახდა. მისი ყოფილი მფლობელები ტავის დროზე წილების იძულებით წართმევაში ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს დავით კირკიტაძეს ადანასაულედნენ და ამბობდნენ, რომ მათ, ვინც წილები ნებით არ დათმო, პროკურატურის დახმარებით საქმეები „შეუკერეს“ და ციხეში გაუშვეს, მოგვიანებით კი წილების დათმობის სანაცვლოდ, საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს/

დროთა განმავლობაში, ბაზრობის მფლობელები და მეწილეები იცვლებოდნენ, ძველი მფლობელები ახლებს უპირისპირდებოდნენ და ქონების დაბრუნებას სთხოვდნენ. 2002-დან 2010 წლამდე მეწილეებს შორის იყო ზურაბ ჭანტურიაც, რომელსაც „ნაციონალებმა“ დაათმობინეს ქონება. ჭანტურიას ოჯახმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წილების დაბრუნება გადაწყვიტა, საქმეც აღიძრა.

ვინ არის გიორგი ჭანტურია?

17 იანვარს სამართალდამცველებმა ზურაბ ჭანტურიას ვაჟი, გიორგი ჭანტურია დააკავეს, რომლის მიმართაც საქმე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის მუხლით აღიძრა - რუსთავში სახლის ჩხრეკისას „მაკაროვის“ ტიპის იარაღის ცხრა ვაზნა ამოიღეს. გიორგი ჭანტურიას ადვოკატების თქმით, ის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო და სამართალდამცველები მას გენერალის მკვლელობის აღიარებას აიძულებდნენ. თვითმხილველების თქმით, ჭანტურია მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე შეხვდა ბიზნესმენს, რასაც არც ჭანტურია უარყოფს, თუმცა მკვლელობაში მონაწილეობას გამორიცხავს.

19 იანვარს გიორგი ჭანტურია წიანსწარი პატიმრობიდან ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის, ლექსო კობაიძის თქმით, ჭანტურიას ქონდა ალიბი, მკვლელობის დროს მამასთან ერთად ბანკში იყო.

ჭანტურიას ახლობელი: „გიორგის და ქუთათელაძეს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მკვლელობის დღეს შეხვდა კიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან მოკლა. თავის დროზე მამამისი ზურაბი „სტამბოლის ბაზროიბს“ 7,5 პროცენტის მეწილე იყო, მაგრამ კირკიტაძემ ამოაგდო შპს „ერთობის“ წილიდან. გიორგის დედა ბუღალტერი იყო და საქმე შეუთითხნეს. დედის ნაცვლად გიორგი ჩაჯდა ციხეში, ორ-სამ თვეში კი მას წილზე უარი ათქმევინეს და საპროცესო გარიგებით გამოუშვეს. ჭანტურიები შეძლებული ოჯახია, „ქართულ ოცნებაშია“ ზურაბი, ერთ-ერთი შემომწირველია. მათ სავაჭრო დახლებიც აქვთ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე...

ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაიკითხა ყველა, ვინც თავის დროზე ბაზრობის წილი დაკარგა. მათ შორის არის მეორე მოდავე დავით ბლუაშვილი, რომელიც ასევე ყოფილი მეწილის, ლიანა აბაიძის ვაჟია. ამ ქალბატონსაც იძულებით დაათმობინეს „სტამბოლის ბაზრობის“ 15 პროცენტიანი წილი. მათ წინააღმდეგ სს საქმეც აღიძრა. დავითს -10 წლით, დედამისს კი დაუსწრებლად (ის ქვეყნიდან წავიდა) 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ლიანა აბაიძე ზარალის ანაზღაურებას დღემდე ითხოვს...

მკვლელობის შეფასება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილ უფროსს კახა ჩიხლაძეს ვთხოვეთ.

- მკვლელობა ქილერის ჩადენილია თუ არაპროფესიონალის, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ჩემი აზრით, მკვლელმა ისარგებლა იმით, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე კამერები იყო გათიშული.

წილებზე, სამართლებრივი დავის გარდა, იყო ვერსიაც, რომ ბიზნესმენს ფულს სძალავდნენ, ზარალის ანაზღაურებას სთხოვდნენ...

- ვიცნობდი სოსოს, არ იყო ისეთი ადამიანი, ვინმეს ემართა ან ფული გამოეძალა. მას საფრთხე რომ ეგრძნო, მკვლელს მოუმზადებელი არ დახვდებოდა. იარაღიც ჰქონდა და ტარების უფლებაც, მაგრამ მოხდა რაღაც, რაც მისთვის მოულოდნელი იყო.

რაკი საფრთხე ვერ იგრძნო, ალბათ, არც ისეთი დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მკვლელთან...

- შეიძლება ადამიანთან დაძაბული ურთიერთობები გქონდეს, მაგრამ არ შეაფასო მისი შესაძლებლობები - ყველას ხომ არ შეუძლია კაცის მოკვლა! ჩემი აზრით, ეს იყო ემოციურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა.

როგორც ჭანტურია ამბობს, მისგან დანაშულის აღიარებას მოითხოვდნენ.

- რადგან გამოუშვეს, ალბათ, რაღაც არ კმარა, რომ ბრალი წაუყენონ. ამბობენ, მკვლელობის დროს ბანკში იყოო, არადა, ის მკვლელობისთვის არც დაუკავებიათ - ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს ტყვიები, შემდეგ გაირკვა, რომ მამამისის იყო, თანაც კანონიერად გაფორმებული და გაუშვეს.

მკვლელობის გახსნა კვალის განელებისას რთულდება, მით უფრო, როცა არ არიან მოწმეები. როგორ ფიქრობთ, გაიხსნება ეს საქმე?

- მართალია, მკვლელობა ცხელ კვალზე თუ არ გაიხსნა, საქმე ჭიანურდება... მეც მქონია მკვლელობები, როცა მტკიცებულებების მოპოვებას თვეები დასჭირვებია. მკვლელი კვალს მალავს, თუმცა უჩინარი ადამიანი არ არსებობს, კვალი აუცილებლად იარსებებს და მას პოვნა უნდა. ქუთათელაძის მკვლელი ვერსად გაუჩინარდება და მას ადრე თუ გვიან იპოვიან.

 

წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა“, ნანა ფიცხელაური

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები