ბიზნესად ქცეული ჰობი
შაბათი, 10 თებერვალი, 2018 - 11:21

ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ ერთ დღესაც  საყვარელი საქმის კეთებას დავიწყებდი

ვექტორიაგრძელებს ტრადიციულ რუბრიკას, რომელშიც საინტერესო, ნიჭიერ ადამიანებზე გიყვებით. ამჯერად ჩვენი სტუმარი, პროფესიით თარჯიმანი ნათია გელანტიაა, რომელმაც სამკაულების კეთებით იპოვა საკუთარი თავიჰობი კი პროფესიად და ბიზნესად აქცია

- ნათია, პირველ რიგში ცოტა რამ მოგვიყევი შენ შესახებ.

- თარჯიმანი ვარ და ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე თარჯიმნად ვმუშაობ. დამთავრებული მაქვს ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის უცნო ენათა ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით და შემდგომ თარჯიმნის განხრით მაქვს კვალიფიკაცია ამაღლებული. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მაგრამ საბოლოოდ განათლება სულ სხვა მიმართულებით მივიღე.

- რამდენი ხანია რაც სამკაულებს ქმნით?

- ბავშოვბიდან მოყოლებული ხელნაკეთ ნივთებს ვქმნიდი სხვასხვა მასალებით, ასევე ვხატავდი, ვქარგავდი, ვქსოვდი და ნამუშევრებს მეგობრებს და ახლობელებს ვჩუქნიდი. იმ დროს შექმნილი ნივთებიდან მხოლოდ რამდენიმე მაქვს შემორჩენილი. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ საერთოდ მოვწყდი ამ სფეროს, რადგან დრო არ მრჩებოდა. თუმცა ის ფაქტი, რომ ამ განხრით ვერ ვახდენდი ჩემი თავის რეალიზებას, მოსვენებას არ მაძლევდა და ალბათ ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ ერთ დღესაც  საყვარელი საქმიანობის კეთებას დავიწყებდი. ამიტომ ვაგროვებდი ყველაფერს, რაც შეიძლებოდა გამომდგომოდა ხელნაკეთი აქსესუარების შესაქმნელად. ბიძგი მჭირდებოდა და ეს ბიძგი ჩემმა მეგობრებმა მომცეს. დავიწყე სამკაულების კეთება, თუმცა ამას თავიდან მხოლოდ ჰობის სახე ჰქონდა. თანდათან გამიტაცა ამ საქმიანობამ და ძალიან მალე მივხვდი, რომ ამ სფეროს თავს ვერ დავანებებდი, რადგან მუშაობის პროცესში ვარ ძალიან ბედნიერი და კიდევ უფრო ბედნიერი, როდესაც ჩემი ნამუშევრები მოსწონთ. ვეცნობოდი მოდის სიახლეებს, ვეუფლებოდი ახალ ტექნიკას და საბოლოოდ შევქმენი FB გვერდი ენჯი / N.G. Art Accessories, რომელიც ზაფხულში 2 წლის გახდება.

- თქვენი შემოქმედება მარტო სამკაულების კეთებით შემოიფარგლება, თუ სხვა აქსესუარებსაც ქმნით?

- ამ ეტაპზე ძირითადად სამკაულებით შემოვიფარგლები. მაქვს ჩანთებიც, რომლებსაც ვყიდულობ და ჩემი გემოვნებით ვრთავ

- მამაკაცებისთვის თუ ქმნით აქსესუარებს?

- მამაკაცებისთვის ჯერჯერობით არა, თუმცა სამომავლოდ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

- ვინ არიან თქვენი პროდუქტის ძირითადი მომხმარებლები?

- ძირითადი მომხმარებელი არიან ქალბატონები, თითქმის ყველა ასაკის.

- როგორია თქვენი სამკაული, რისი თქმა გსურთ ამ სამკაულების მატარებელი ადამიანებისთვის?

-ჩემი სამკაული არის ყველასგან განსხვავებული. არ მიყვარს მიმბაძველობა და ვფიქრობ, თუ  რამეზე პრეტენზია გაქვს, თავად უნდა შექმნა რაიმე ახალი. ჩემ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ახალი შევქმენი, თუმცა იმის თქმა შემიძლიარომ საქართველოში ნამდვილად იყო ახალი და ყველასგან განსხვავებული. ჩემი სამკაულების მატარებლებს კი მინდა ვუთხრა, რომ ყველა თქვენგანის საქებარი თითოეული სიტყვა ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემია და მეც მაქსიმალურად ვეცდები, რომ ბოლომდე გავამართლო თქვენი მოლოდინი.

- რა მასალას იყენებთ ნამუშევრებში?

- ძირითადი მასალა ნატურალური აბრეშუმია, რომელსაც ვიწერ უცხოური საიტებიდან. ვახდენ აბრეშუმის, სუტაჟის თასმების, თვლების, ქვების, კრისტალების სინთეზს და ფერთა შეხამებას და ვფიქრობ, რომ შედეგიც საუცხოო გამოდის.

- ვინ არის თქვენი ნამუშევრების მუზა, ან რა არის ხოლმე შთაგონების წყარო, რომელიც სამკაულის შექმნისკენ გიბიძგებთ?

მუზას არ ვიცი რამდენად დავარქმევ, მაგრამ ჩემი კუმირია იტალიელი დიზაინერი, რომლის ნამუშევრებიც გახდა ჩემი შთაგონების წყარო დამეწყო აბრეშუმის სამკაულების შექმნა. ძალიან მომწონს მისი ტექნიკა და გემოვნება თუმცა მისი სამკაულების ანალოგებს მაინც არ ვაკეთებ.

- ნამუშევრების დიზაინი მთლიანად თქვენ გეკუთვნით?

- დიახ, მთლიანად მე მეკუთვნის დიზაინი

- თუ გიკვეთავენ საკუთარი  დიზაინით და საერთოდ როგორ ახდენთ ნამუშევრების რეალიზაციას?

- დიახ, საკუთარი დიზაინითაც მიკვეთავენ, თუმცა ძირითადად ჩემ მიერ უკვე შექმნილი დიზაინების ფერთა ვარიაციით ან დიზაინში მცირე ცვლილების შეტანით ვქმნი ახალ სამკაულს და რაც მთავარია, რადგანაც ჩვენი ბრენდის მთავარ პრიორიტეტს განსხვავებულობა და ორიგინალურობა წარმოადგენს, ამიტომ არ ვიღებთ ისეთ შეკვეთებს, სადაც გვთხოვენ სხვა დიზაინერების მიერ შექმნილი სამკაულების ანალოგების გაკეთებას. რეალიზებას ამ ეტაპზე FB გვერდის მეშვეობით ვახდენთ.

- თქვენ თავად, ყველაზე მეტად აქსესუარებიდან რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

- ძალიან მიყვარს საყურეები, თანაც მასიური საყურეები და ეს აისახება კიდეც ჩემს კოლექციაზე.

- როგორ დაახასიათებთ იმ ქალებს (მამაკაცებს) ვინც თქვენ მიერ შექმნილ სამკაულს ირჩევს? თქვენი წარმოსახვით, როგორი ადამიანებისთვის ქმნით მათ?

- ჩემი წარმოსახვით სამკაულებს ვქმნი მათთვის, ვისაც სურს იყოს ორიგინალური, გამორჩეული და ეფექტური.

- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

- ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აბრეშუმის სამკაულებით უფრო და უფრო მეტი ქართველი ქალბატონი გავალამაზო და ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად ფართო საზოგადოებას გავაცნო ჩემი შემოქმედება. ასევე ვგეგმავ, რომ უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩემი აქსესუარები და სამომავლოდ პერსონალური გამოფენის გამართვასაც ვაპირებ

 ანუკი წიწილაშვილი

იხ.ფოტოები

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი