სოფელ ატოცთან უკანონო ბორდერიზაციას საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები აკრიტიკებენ
ოთხშაბათი, 07 ნოემბერი, 2018 - 23:23

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალი მავთულხლართების გაბმას აკრიტიკებენ. უკანონო ბორდერიზაციას საქართველოში ევროკავშირის ელჩიც ეხმიანება. მათ კომენტარებს 1tv.ge ავრცელებს.

კერსტინ ლუნდგრენის თქმით, ისინი განგრძობადი ოკუპაციისა და ახალი მავთულხლართების შესახებ ინფორმაციას ევროსაბჭომდე მიიტანენ. 

"ჩვენ მოწოდებაა, აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მიუღებელია განგრძობადი ოკუპაცია და ახალი მავთულხლართების გავლება, რომელიც ქართველ ხალხს კვლავ ყოფს. ჩვენ ვგმობთ ყველა მსგავს ქმედებას. პირადად მე არაერთხელ ვყოფილვარ საოკუპაციო ხაზთან. ეს მიუღებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის ხელისუფლების თანხმობით ხორციელდება ბორდერიზაცია და ქართველ ხალხს შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვა. ვგმობთ ამას", - განაცხადა კერსტინ ლუნდგრენმა.

ტიტუს კორლატეანის განცხადებით, შეშფოთებულები არიან "ცხინვალში რუსეთის ხელისუფლების ახალი უკანონო ქმედებების" გამო. მისი თქმით, როგორც ევროსაბჭო, ასევე მისი სამშობლო რუმინეთი, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. 

"რუსეთმა პატივი უნდა სცეს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმებას, საერთაშორისო ვალდებულებებსა და საერთაშორისო სამართალს... როგორც იცით, ევროპულ სახელმწიფოებს წვლილი შეაქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. რუმინეთს ჰყავს თავისი კონტინგენტი ამ მისიაში. ასე რომ, ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მუდმივი პოზიცია გვაქვს", - განაცხადა ტიტუს კორლატეანმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი კი აცხადებს, რომ ევროკავშირი 100%-ით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და "აბსოლუტურად ეწინააღმდეგება გამყოფი ხაზის აღმართვას".

"უკვე მოვისმინე ინფორმაცია სოფელ ატოცთან არსებულ ვითარებაზე. მდგომარეობის შესაფასებლად ჩვენ ადგილზე გვყავს ევროკავშირის მისია. ჩვენ 100 პროცენტით ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აბსოლუტურად ვეწინააღმდეგებით გამყოფი ხაზის აღმართვას და ფხიზლად ვიქნებით ამ მიმართულებით", – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველომ სოფელ ატოცთან რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმის გამო დახმარება საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა. 

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები