თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს გაიხსნება
ორშაბათი, 26 ნოემბერი, 2018 - 17:00

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს ნინო ჟვანიას ფილმით „აღლუმი“ გაიხსნება და 9 დეკემბრამდე გასტანს. ამ და სხვა დეტალების შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

დედაქალაქის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი  არა მარტო დედაქალაქის, არამედ მთლიანად რეგიონის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენაა.

 „ამ კინოფესტივალის მნიშვნელობას განსაზღვრავს მისი პროგრამა, რომელიც მრავალფეროვანი და აქტუალურია. მნიშვნელოვანია ასევე მთავარი თემა - „ლიტერატურა და კინემატოგრაფი“, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთგვარი გამოძახილი არის და იმედი მაქვს, რომ სხვა ფესტივალებიც გაატარებენ ამ ხაზს. ასევე, მინდა აღვნიშნო ის მასტერკლასები და ლექციები, რომელიც ფესტივალის განრიგშია. თბილისის მერიისთვის პრიორიტეტულია არაფორმალური განათლება და სწორედ ამიტომ, ძალიან საინტერესოა ჩვენთვის ფესტივალის ეს კომპონენტი. მომავალ წელს ფესტივალი 20 წლის ხდება და ვფიქრობ, რომ მთელი წლის განმავლობაში საიუბილეო წელს ერთად აღვნიშნავთ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

8 დეკემბერს გამოვლინდებიან ოქროსა და ვერცხლის „პრომეთეს“ მფლობელები. კონკურსში მონაწილე 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან ერთ-ერთი ქართულია - გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“.

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ლიეტუველი რეჟისორი, რაიმუნდას ბანიონისია, ხოლო ჟიურის შემადგენლობაში არიან: ნიმა ჯავიდი, არჩილ ქიქოძე, კანაკო ჰაიაში და სელინ ნუსი.

ეროვნული კონკურსის „ქართული პანორამის“ ფარგლებში დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმები სამ კატეგორიაში: სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი.

ქართულ პანორამას, ტრადიციულად, გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეოინსტიტუტის - „არსენალი“ და ბერლინის კინოფესტივალის - „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმი“ დამფუძნებლები, ერიკა და ულრიხ გრეგორები ესპანელ კინოკრიტიკოს ევა პიედროსთან ერთად შეაფასებენ.

კინოფესტივალის ოფიციალური ჯილდოების გარდა, მეორე წელია პრიზს  ევროკავშირიც აწესებს.  EU4GEORGIA-ს ინიციატივით დაკომპლექტებული ჟიური რჩეულს იმ 7 ფილმს შორის გამოავლენს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკას ეხმიანება.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გადაცემის, „ილუზიონის“ ავტორები, კინომცოდნეები ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა შორის ტელეპროექტის რჩეულს გამოავლენენ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი, პიტერ გრინევეი ეწვევა. მის ანგარიშზე ისეთი ფილმებია, როგორებიცაა „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი“, „რვანახევარი ქალი“, „პროსპეროს წიგნები“. ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში „ბაფტას“ მფლობელი რეჟისორი მასტერკლასს ჩაატარებს.

8 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიალის შემდეგ ნაჩვენები იქნება რუპერტ ევერეტის „ბედნიერი უფლისწული“, რომელიც ოსკარ ვაილდის ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს.

ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს ფესტივალი წარმოგიდგენთ სექციებში - „ჰორიზონტები“, „დამზადებულია გერმანიაში“ და „ევროპული ფორუმი“.

კინოფესტივალის ფოკუსში ყოველწლიურად ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს ეს ქვეყანა იტალიაა. მაყურებლები ფესტივალის ორგანიზატორებისა და იტალიის საელჩოს ინიციატივით, ბოლო პერიოდის აღიარებულ ნამუშევრებს იხილავენ. მათ შორისაა ალიჩე რორვაჰერის „ბედნიერი ლაზარო“, მარიო მარტონეს „კაპრი-რევოლუცია“, დარიო არჯენტოს „სუსპირია” - იტალიური კინოკლასიკის რესტავრირებული ვერსია, რომელიც 1977 წელს გამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელი თემა ლიტერატურაა. „ლიტერატურისა და კინოს“ სექციაში კინომოყვარულები მწერლებზე გადაღებული ბიოგრაფიული ნამუშევრებისა და ნაწარმოებთა ეკრანიზაციების ნახვას შეძლებენ. მათ შორის არის სტეფან კაასის „ეთგარ კერეთი: დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე", პერნილ ფიშერ კრისტენსენის სურათი „ახალგაზრდა ასტრიდი“ სახელგანთქმული შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის შესახებ.

სექციაში „რეჟისორი ფოკუსში“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკრაინელ რეჟისორს, სერგეი ლოზნიცას უმასპინძლებს.  პროფესიით მათემატიკოსი ლოზნიცა წლების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის თემაზე მუშაობდა. თუმცა, 90-იანი წლებში  გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ნანა ჯორჯაძის ჯგუფში რეჟისურის შესწავლა დაიწყო. 2010 წელს მისი ფილმი „ჩემი ბედნიერება” კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. 2012 წელს კი, ასევე, კანში ფილმი „ნისლში” ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული. 2014 წელს ლოზნიცამ „მაიდანი” გადაიღო, რომელიც 2013-2014 წლის კიევის საპროტესტო აქციებს აღწერდა. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ლოზნიცას ახალი ფილმები „დონბასი”, „პროცესი“ და “გამარჯვების დღე” იქნება ნაჩვენები. სერგეი ლოზნიცას „პრომეთეს“ საპატიო  ჯილდო გადაეცემა.

წლევანდელი კინოფესტივალის ფარგლებში ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღინიშნება. „ამირანში“ ლატვიური, ლიეტუვური, ესტონური ნამუშევრების ჩვენება შედგება. სექციაში 15 ფილმი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის არის ელმო ნიუგანენის 2015 წლის „1944“, იანის ნორდსის 2013 წლის ფილმი „მიყვარხარ, დედა!“, ლუგილებ არჯუკაიტეს „მჟავის ტყე“.

სექციის „დამზადებულია გერმანიაში“ ფარგლებში მაყურებლები უახლეს ფილმებს ნახავენ. აღნიშნული სექცია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ინიციატივით იქმნება. სექციაში 5 ფილმი შედის - ემილი ატეფის „3 დღე კვიბერონში“, ტობიას ვიმანის „ამელი გარბის“, იზაბელ პრალის „წვიმის აღწერის ათასი ხერხი“, ტომას შტუბერის „დახლებს შორის“ და ლარს კრაუმეს „მდუმარე პროტესტი“.

შვედეთის საელჩოსა და შვედეთის კინოს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ლეგენდარული შვედი კინორეჟისორის, ინგმარ ბერგმანის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებ ფილმთა შორის იქნება „პერსონა“, „შემდგომის სონატა“ და „მარწყვის მდელო“.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის დღეს, 9 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ იორგოს ლანტიმოსის ფილმის, „ფავორიტის“ პრემიერა შედგება. რეჟისორის ანგარიშზე ისეთი ნამუშევრებია, როგორებიცაა „ეშვი“ და „ლობსტერი“. „ფავორიტში“ მთავარ როლებს ემა სტოუნი, რეიჩელ ვაიზი და ოლივია კოლმანი ასრულებენ.

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო „პრომეთე“ სახელგანთქმულ ქართველ რეჟისორს, გიორგი შენგელაიას გადაეცემა. ასევე, შენგელაიას 1962 წელს გამოსული ფილმის, „ალავერდობის“ განახლებული, დიგიტალური ვერსიის ჩვენება გაიმართება.

ფესტივალი ხორციელდება თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კინემტოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ბრიტანეთის საბჭოს, ფრანგული ინსტიტუტის, გოეთეს ინსტიტუტის და საქართველოში იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, შვედეთის, ესპანეთის, პოლონეთის და უნგრეთის საელჩოების მხარდაჭერით.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები