„ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით, Mercedes-ის სერვის ცენტრი, სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს“
ოთხშაბათი, 05 დეკემბერი, 2018 - 17:22

„ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით, Mercedes-ის სერვის ცენტრი, სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს“, - ამის შესახებ „მშობელს“ ცენტრში სტუმრობისას განუცხადეს, სადაც ადგილზე გავეცანით განახლებული მომსახურების პირობებს.  

ახალი ცენტრი, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე #6-ში მდებარეობს და 1.3 ჰა ფართობს მოიცავს. სივრცე სახელოსნოებს, საგამოფენო დარბაზებს, მოსაცდელ და მოსასვენებელ ტერიტორიას, VIP სივრცეს AMG-ის მომხმარებლებისთვის, ასევე პარკინგს, სამრეცხაოებს და გამწვანებას აერთიანებს.

„Mercedes-ის სერვის ცენტრი სრულიად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით. კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც გარემოზე ზრუნვა, ისე თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა. სწორედ ამიტომ, თითოეულ დანადგარს, გააჩნია სპეციალური გამწმენდი ფილტრაციის სისტემა, რის შედეგადაც, საბოლოოდ გარეთ მხოლოდ გაწმენდილი ჰაერი გადის“, - აცხადებენ ცენტრში.

ავტოსალონში შესაძლებელია Mercedes Benz-ის მიერ წარმოებული, სხვადასხვა სპეციფიკაციების მქონე, თქვენთვის სასურველი Mercedes-ის უმოკლეს დროში ჩამოყვანა, რომელზეც გარბენის შეუზღუდავად 2 წლიანი ოფიციალური გარანტია ვრცელდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ეკოლოგიაზე ზრუნვა და გარემოს მავნე ნივთიერებებით დაბინძურების თავიდან აცილება, Mercedes Benz-ის ტექნოლოგიები დროთა განმავლობაში დაიხვეწა და შესაძლებელი გახდა საწვავის მოხმარების დაახლოებით 18%-ით შემცირება, რაც შესაბამისად გარემოს ნაკლებ დაბინძურებას იწვევს. ცენტრში მომხმარებლებს კვალიფიციური Mercedes-Benz-ის მიერ სერთიფიცირებული კადრები უმოკლეს დროში ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ და დაზიანებულ ავტოსათადარიგო ნაწილებს ორიგინალით შეუცვლიან, რომელსაც ავტომობილის მსგავსად, 2 წლიანი ოფიციალური გარანტია ექნება“, - განუცხადეს „მშობელს“ კომპანიაში.

ცენტრში დამონტაჟებულია ზეთის გამოტუმბვის უახლესი დანადგარები, ავტომატური ზეთის მიწოდების სისტემა, გამონაბოლქვი გაზების გამწოვი სისტემები, ჰაერის გამწმენდი ფილტრები, დაბინძურებული დეტალების დასასუფთავებელი დანადგარები,  ჰაერთმომარაგების ბოლო მოდელის კომპრესორები, რომელსაც ოთხმაგი გაფილტვრა გააჩნია.

„ევროსტანდარტების შესაბამისად, ცენტრში ავტომობილის ძარის ალუმინის დეტალების შესაკეთებლად, ზედაპირის დასამუშავებლად თუ სხვა დამატებითი მომსახურების მისაღებად, სპეციალური დანადგარებია დამონტაჟებული, სადაც უსაფრთხოების მიზნით, ხდება ალუმინის მტვერის შეგროვება და ფილტრაცია. დამონტაჟებულია სათუნუქე დანადგარი, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს მეტალების ქარხნულად, წერტილოვანი შედუღება და მისი ყველა წესის დაცვით აღდგენა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Mercedes Benz-ის ცენტრი ერთადერთია, ვისაც რკინისა და ალუმინის მოქლონვის ძვირადღირებული დანადგარი გააჩნია“, - აცხადებენ ცენტრში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს Car Bench-ს, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს - ეს არის რობოტი, რომელიც Mercedes Benz-ის რეკომენდაციით დამონტაჟდა და რომელიც ავტომობილის ძარის დეფორმირებულ დეტალებს ჭიმავს და საწყის, ქარხნულ მდგომარეობაში აბრუნებს. რობოტისა და დამხმარე დანადგარების მეშვეობით ხდება დეფორმაციის გამოსწორება და გეომეტრიის შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა დეტალი ადგილზეა და არ უქმნის საფრთხეს ავტომობილის მგზავრებს.

ცენტრი მომხმარებელს ასევე ავტომატური მართვის ცენტრით აღჭურვილ სამღებროს სთავაზობს, სადაც ავტომობილი ქარხნული წესით იღებება.

„გამოიყენება წყლის ბაზაზე დამზადებული გერმანული Glasurit-ის ბრენდის ეკოლოგიურად სუფთა საღებავები. ხდება ავტომობილის მომზადება შესაღებად, მისი შეფუთვა, შესაღებ ნაწილზე საღებავის დასხმის პროცესი, აორთქლება, თბილი ჰაერის მიწოდება და ვენტილაცია. სამღებროში დამონტაჟებული ოთხმაგი ფილტრაცია, საშუალებას იძლევა, რომ შიდა და გარე მტვრისაგან გაიწმინდოს სივრცე, რათა შეღებილი დეტალი იყოს იდეალური. ახალი სამღებრო დანადგარი მაღალი ხარისხის მომსახურების უმოკლეს დროში მიღების საშუალებას იძლევა“.

გარდა ავტოსერვისისა და მსუბუქი ავტომობილებისა, Mercedes Benz-ის წარმომადგენლობა Mercedes Benz-ის ავტობუსების, Unimog-ის სპეციალიზირებული ტექნიკის (სამხედრო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ავტომობილები), Van-ის მიკროავტობუსების და სატვირთო ავტომობილების შემოყვანა-რეალიზაციას ახდენს, მომდევნო წლიდან კი მათ რიგებს Daimler AG-ის შვილობილი Setra-ს ავტობუსები დაემატება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ოფიციალური განახლებული ცენტრი 3 დეკემბერს გაიხსნა.

განახლებული ავტოსალონის და სერვის ცენტრის მშენებლობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაშიც საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით, დაახლოებით 25 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ამ ეტაპზე 80 ადამიანს ასაქმებს, ცენტრის გახსნის შემდეგ კი, მათი რაოდენობა ეტაპობრივად, 200-მდე გაიზრდება.

ცენტრი, საზეიმოდ, მაკა ასათიანმა Mercedes Benz-ის (Daimler AG) მოწვეულ დელეგაციასთან ერთად გახსნა. იმავე დღეს, მხარეებმა 25 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის იუბილეც აღნიშნეს. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ Daimler AG-ის ოფიციალური პირები გერმანიიდან, Mercedes Benz-ის მუდმივი მომხმარებლები და კომპანიის პარტნიორები.

ცნობისთვის, Mercedes-ის მარკის ავტომობილი საქართველოს ავტოპარკში უკვე წლებია ლიდერია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 200 ათასამდე სხვადასხვა მოდელის Mercedes-ია რეგისტრირებული. მამაკაცებში უპირობო ლიდერობას ინარჩუნებს Mercedes-ი - 20%-იანი წილით, ხოლო ქალბატონებში 12%-იანი წილითაა წარმოდგენილი.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები