კახეთის გზატკეცილიდან ნასაგურამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი, 2018 - 16:52

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი ოთხკილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, რეაბილიტაცია ორ ავარიულ ხიდს ჩაუტარდა და ასფალტის საფარი ჯამში, 25 000 კვადრატულ მეტრზე დაიგო, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აწარმოა.  

დასრულებულ პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. დედაქალაქის მერმა მათ სამომავლო პროექტების განხორციელების დროს თანადგომა აღუთქვა.

„აღნიშნული პროექტი სოფელ ნასაგურში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განვახორციელეთ. კახეთის გზატკეცილიდან ნასაგურამდე, სადაც გადაადგილების თვალსაზრისით, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, გზის საფარს რეაბილიტაცია დაახლოებით, ოთხ კილომეტრზე ჩაუტარდა. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო სანიაღვრე ქსელი. განხორციელდა ასევე, ორი ხიდის რეაბილიტაცია. სოფელში დაახლოებით, 400 ოჯახი ცხოვრობს. დღეიდან ისინი უკვე კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. სამგორის რაიონში არსებობს ნაგავსაყრელის პრობლემაც, რომელზეც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ. მომავალი წლიდან უკვე ამ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახეთის გზატკეცილიდან ნასაგურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოების დასრულებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის შეუფერხებლად გადაადგილებისთვის ალტერნატიული, დროებითი - 2.5 კმ სიგრძის გზა მოეწყო.

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი