ევროპულ ფესტივალ „ევროპალიაზე“ 2022 წელს საქართველო მთავარი სტუმრის სტატუსით წარდგება
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი, 2018 - 13:35

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოსთვის "ევროპალია 2019"-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას გამოეხმაურა. მინისტრმა ქართული კულტურისა და ღირებულებების შესახებ ცნობადობის გაზრდის კუთხით ამ ღონისძიების მნიშვნელოვან როლზე ილაპარაკა. ინფორმაციას აქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება, შეიძლება ითქვას, რომ ის მნიშვნელობით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფესტივალს უტოლდება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ექნება შესაძლებლობა ევროპის დედაქალაქად წოდებულ ბრიუსელში და ბელგიის სხვა ქალაქებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში უმასპინძლოს კულტურულ ღონისძიებებს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ღონისძიება ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას, ჩვენი ღირებულებებისა და კულტურის ძალიან აქტიურად წარმოჩენას ევროკავშირში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს“, - განაცხადა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით გაწეული სამუშაოები და მიღწეული წარმატებები და ხაზი გაუსვა ამ პროცესის განგრძობითობის აუცილებლობას:

„გვქონდა ფრანკფურტის ბაზრობა, ახლა კი გვექნება ევროპალია, შესაძლებელია მათ შორის არა ამ მასშტაბის, მაგრამ მცირე ზომის ღონისძიებები დაიგეგმოს და ესეც არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რაც ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციის ჩარჩოებში ჯდება“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი ევროპული კულტურის ფესტივალი „ევროპალია“, სამეფო ოჯახის პატრონაჟით, ყოველ ორ წელიწადში  ბელგიაში იმართება და სექტემბრიდან იანვრამდე გრძელდება. ირჩევა ქვეყანა, რომელსაც მთლიანობაში ეძღვნება ეს ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 400 ღონისძიება ეწყობა.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი