გენერალური პროკურატურა "თიბისი ბანკს" უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება
ოთხშაბათი, 09 იანვარი, 2019 - 15:50

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა "თიბისი ბანკის,“ მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლის შემდეგ დაასკვნა,რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები გამოიკვეთა. პროკურორი სალომე ჩიქობავა აღნიშნავს,რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა "თიბისი ბანკისგან“ დაჩქარებული წესით 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი მიიღო. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ამავე კომპანიებიდან ზუსტად იმ ოდენობის თანხა ისესხეს, რაც "თიბისი ბანკმა“ დასახელებულ კომპანიებს ასესხა.

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის მამუკა ხაზარაძეც.

"გამოძიების ამ ეტაპზე შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს "თიბისი ბანკი-დან" ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა "თიბისი ბანკს". - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მირანდა ფუტკარაია

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი