ევროპის საინვესტიციო ბანკი საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 250 მლნ ევროს გამოყოფს
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2019 - 12:43

საქართველოს ვიცე-პრემიერი  და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მინისტრის მოადგილეები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკს და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი“-ს ორი ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება უკვე გამოყო. ამ დაფინანსების ფარგლებში, დაგეგმილია გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. ასევე, რიკოთის მონაკვეთზე ჩუმათელეთი-ხევის და უბისა-შორაპანის სექციების მშენებლობა. 

ბანკთან დასრულდა კონსულტაციები საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 250 მილიონი ევროს გამოყოფაზე,

წყალმომარაგების სექტორში ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს ქუთაისის წყალარინების პროექტი, რომლის განსახორციელებლადაც ბანკს გამოყოფილი აქვს 100 მილიონი ევრო. აღნიშნული პროექტის მხარდასაჭერად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში ხელმოწერილია საგრანტო შეთანხმება 3 250000 ევრომდე გრანტის გამოყოფის შესახებ. გარდა ამისა, პროექტის მხარდასაჭერად, უახლოეს პერიოდში ხელი მოეწერებაკიდევ ერთ საგრანტო შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი გამოყოფს დაახლოებით 4 750 000 ევროს ოდენობის გრანტს.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ბანკთან ხელმოწერილია ორი ჩარჩო შეთანხმება, რომელთა ფარგლებშიც ჯამში გამოყოფილია 200 მილიონი ევრო. პროექტები ითვალისწინებს მუნიციპალური გზები, საჯარო შენობები, საბავშვო ბაღები,ტურიზმის ინფრასტრუქტურა, წყლისა და მყარი ნარჩენების ინფრასტრუქტურა, დაფინანსების სქემები დაფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. 

EIB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსებიდან ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად დაახლოებით 1.3 მილიარდი ევროა მიმართული, საიდანაც გზების სექტორზე -750 მილიონი ევრო , მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სექტორზე - 200 მილიონი ევრო, ხოლო წყლის სექტორზე - 180 მილიონი ევროა გათვალისწინებული. 

დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებით, შემცირდება მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო, გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, განვითარდება ტურიზმი და საერთაშორისო მიმოსვლა. მუნიციპალური და წყალმომარაგება-წყალარინების პროექტები კი,გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის პერიოდში შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. 

EIB-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მხარდასაჭერად, ევროკავშირი საქართველოსთვის გამოყოფს გრანტებს როგორც ინფრასტრუქტურული ნაწილის, ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების ღონისძიებების დასაფინანსებლად. 
 

ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

წყარო

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი