საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
პარასკევი, 01 მარტი, 2019 - 14:03

საფრანგეთის ჟანდარმერიისა და ქართველი სამართალდამცველების ურთიერთთანამშრომლობით, საფრანგეთის ქალაქ რეიმსსა და მის შემოგარენში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში განცხადება რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.

„დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ჯ.შ., 1992 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული თ.ხ. და 1987 წელს დაბადებული, „ქურდული სამყაროს“ წევრი - ბ.ჩ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ქურდავდნენ მაღაზიებსა და კომერციულ ცენტრებს. ისინი წინასწარ არჩევდნენ გასაქურდ ობიექტს, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს, შემდეგ კი აღნიშნული ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდნენ. დადგენილია, რომ დაკავებულები ქურდობის 17 ფაქტში ფიგურირებენ.

სამართალდამცველებმა საფრანგეთში, ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები და სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელი, ეტიკეტის მოსაშორებელი სპეციალური დანა, ხელნაკეთი ქამარი, რომელშიც მოპარული ნივთებს მალავდნენ, ასევე, ქურთუკი, რომელშიც მოთავსებულია ნაქურდალის დასამალი ალუმინის ყუთი, მეხსიერების ბარათი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა პირის ბერძნული და ლიეტუვური დოკუმენტები, ფულის გადარიცხვების დოკუმენტები და მოპარული ლეპტოპი.

საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს საფრანგეთის სსკ-ს 312-ე და 450-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას გულისხმობს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ქართველმა და ფრანგმა სამართალდამცველებმა, საფრანგეთში მოქმედი ამავე ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრი ქურდობის ფაქტებზე ამხილეს, რომელთა დაკავების მიზნით გრძელდება ერთობლივი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფების გამოვლენისა და მასშტაბური სპეცოპერაციის დაგეგმვის მიზნით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ჟანდარმერიამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ერთობლივი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები განახორციელეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების იდენტიფიცირებასა და მათი კრიმინალური კავშირებისა თუ კრიმინალური სტატუსის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებაში.

საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, ქართველი სამართალდამცველები აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან“, - განაცხადეს შსს-ში.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი