"სტერეო პლუსის" მფლობელი დავას სტრასბურგის სასამართლოში აგრძელებს
სამშაბათი, 19 მარტი, 2019 - 14:58

პირველი კერძო მულტიპლექს ოპერატორის "სტერეო პლუსის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით ზილფიმიანი საკუთარი უფლების დასაცავად ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს. პროცესი უზენაესი სასამართლოს მიერმიღებულ გადაწყვეტილებას, მოჰყვა რომლის თანახმადაც დავით ზილფიმიანის ქონება დაყადაღდა.

საქმე ეხება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის Chemexim International- ის მიერ დაწყებულ დავას.

კომპანიის მფლობელის დავით ბეჟუაშვილის სარჩელი, რომლითაც ბიზნესმენი დავით ზილფიმიანს სესხის დაბრუნებას სთხოვდა, პირველი ორი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მიიღეს იმ მიზეზით, რომ მოსარჩელემ შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, სესხის ხელშეკრულება ვერ წარადგინა.

დავით ზილფიმიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესი 7 წლის წინ, "სტერეო პლუსის" დარბევით დაწებული ისტორიის გაგრძელებაა. ზილფიმიანის განცხადებით, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ დარბევის საქმე პროკურატურას დღემდე არ გამოუძიებია.

დავით ზილფიმიანი აღნიშნავს, რომ Chemexim International-ის მიერ დაწყებულ დავაშიც იგივე ფიგურები მონაწილეობენ.

„უზენაესმა სასამართლომ მთლიანად შეცვალა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების შედეგები. არ დააბრუნა საქმე წარმოებაში, რაც უნდა გაეკეთებინა, თუ მიაჩნდა, რომ არასწორი იყო. თვითონ განიხილა, ზეპირი მოსმენის გარეშე. ორი დავის მოგების შემდეგ, ლოგიკურია, მოველოდი, რომ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებდა მიღებულ გადაწყვეტილებებს. მესამე ინსტანციამ, მოულოდნელად გამოიტანა საპირისპირო გადაწყვეტილება. პირველი ორი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას ახლა ჩემთვის ნულოვანი შედეგი აქვს. ერთადერთი კუნძული, რასაც შეიძლება, მივაკითხო, საკონსტიტუციო სასამართლოა, რომელმაც უკვე შეაჩერა აღსრულება“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

იგი ამბობს, რომ მისი მიზანი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების სრულად გაუქმებაა.

„არ დავყრით ფარ-ხმალს და გადავინაცვლებთ ევროპულ სასამართლოში. იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლომდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება“.

უზენაესმა სასამართლომ Chemexim International-ის სარჩელი ახალი მოტივაციით განიხილა. დავით ზილფიმიანის ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა და მასზე მხარეების დასწრების ვალდებულება არსებობდა.

„უზენაესმა სასამართლომ პირველი ორი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება ახალი არგუმენტაციით გააუქმა. გადაწყვეტილება საპროცესო დარღვევით გამოიტანა - საკუთარი არგუმენტაციით, ისეთი არგუმენტაციით, რომელიც მხარეებს არ მოუხმიათ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის დროს.

ეს არგუმენტაციაა, თითქოს ქვემორე სასამართლოებმა არ იხელმძღვანელეს სესხის ხელშეკრულების პრეზუმფციით, რომლესაც თითქოს ითვალისწინებს კანონი. ამგვარ პრეზუმფციას კანონი არ ითვალისწინებს. მიუთითა რა ამგვარ პრეზუმფციაზე, უზენაესმა სასამართლომ არამხოლოდ არასწორად განმარტა კანონი, არამედ თავად შექმნა კანონის ნორმა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, მესამე ინსტანციის სასამართლოს, თუ სურდა გადაწყვეტილება დაეფუძნებინა არგუმენტზე, რომლის განხილვაც არ მომხდარა, „უნდა დაენიშნა საქმის ზეპირი მოსმენა, რათა მხარეებისთვის დაესვა შესაბამისი შეკითხვები და მიეღო მოსაზრებები, საქმის იმგვარად გადაწყვეტაზე, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა უზენაეს სასამართლოს“.

ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ უზენაესმა სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის VI მუხლი.

„უზენაესი სასამართლო ვალდებული იყო, ეხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სათანადო პრაქტიკით, რომლის თანახად, თუ სასამართლოს სურს, მოიხმოს საკუთარი არგუმენტი და ამ არგუმენტზე დააფუძნოს გადაწყვეტილება, ვალდებულია, დანიშნოს ზეპირი მოსმენა, რათა მხარეებისგან მოისმინპს არგუმენტები. ამგვარის დარღვევა იქნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის - სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, რამდენიმე გარემოების გამო. ამიტომ მიგვაჩნია რომ უსზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონოც და დაუსაბუთებელიც“, - ამბობს ბარამიძე.

დავით ზილფიმიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანა. ერთიეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს. მეორე - ზეპირი მოსმენის გარეშე, საკუთარი არგუმენტაციის საფუძველზე, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაძლოობის დაუშვებლობას.

 

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი