,,ჩვენ, ცალ-ცალკე, მაგრამ ყველანი, ვქმნით გარემოს, სადაც ჩემი სიღარიბის გამო თქვენ იცინით”
, 21 აპრილი, 2019 - 19:38

მამა მოიწამლა. 
ორი დღე იყო ძალიან ცუდად და მესამე დღეს საავადმყოფოში წაიყვანეს.

ზესტაფონის საავადმყოფოში, მამაჩემის ვარაუდის საფუძველზე, მოწამვლის საწინააღმდეგო პირველადი დახმარება გაუწიეს და შინ გამოუშვეს.

შინ მოსული ხელებს და ფეხებს ვერ იმორჩილებდა. თავის ტკივილისგან იკლაკნებოდა და გულისრევას ვერ აკონტროლებდა.

საღამოს გაითიშა.

ბიძაშვილის მანქანით წაიყვანეს ისევ ზესტაფონის ცენტრალურ საავადმყოფოში.
მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს და საავადმყოფოში დატოვეს.
მკურნალი ექიმი, მამუკა ჭიჭინაძე, პედიატრი თუ არ ვცდები, ამბობდა რომ მკურნალობა შედეგს გამოღებდა, რომ გადაყვანა არ შეიძლებოდა. 

მახსოვს, საავადმყოფოში მამიკოს სანახავად რომ წაგვიყვანეს... პირველად ვიყავი საავადმყოფოში...

ერთი კვირის შემდეგ, მამა სახლში დაბრუნდა. მაშინვე ვენახში წავიდა. შეწამვლის სეზონი იყო და გული დაიმშვიდა, არ გაფუჭებულა ვაზიო.

იმ საღამოს ისევ დაკარგა მამამ გონება. ხელით აიყვანეს და მანქანაში ჩადეს. ბიძაშვილები გაყვნენ.
მე და თამუნა, ჩემი ბიძაშვილი, მეზობლები, სერზე ვიჯექი და მამაჩემის დაბრუნებას ველოდებოდით.

წითელმიწაზე, ჩვენი სოფლის ამოსახვევში, ის მანქანა გაჩერდა, რომელმაც მამა წაიყვანა. მანქანა იდგა.
თურმე ეშინოდათ სოფელში მოსვლა. რა უნდა ეთქვათ ჩვენთვის? ექიმებმა თქვეს, რომ მამა ვერ გადარჩებოდა.

ზესტაფონიდან - ქუთაისში, ქუთაისიდან - თბილისში. ყველგან ერთი და იგივე - მცირე შანსი გადარჩენის.

სოფელი არ გვტოვებდა.
თანაც ბებიას ძაღლმა უკბინა და ჩვენ უპატრონოდ დავრჩით. ბიცოლები გვიკეთებდნენ საჭმელს.

ჩვენი ყანები მეზობლებმა გამარგლეს. ყანაში ადგილი არ იყო, იმდენი კაცი ჩადგა სამუშაოდ.
სოფელი ფეხზე იდგა. მთელი სოფელი. გვეხმარებოდნენ ვისაც როგორ შეეძლო - ფიზიკურად, ფინანსურად, მორალურად. 

ერთ დღეს მამამ გაიღვიძა. მრავალი დღის შემდეგ. 
გადარჩა.

არაფერი იყო მდგომარეობა, რომელშიც აღმოვჩნდით. 

ყველაფერი გავყიდეთ. 
სახლი ცარიელი იყო. 
მახსოვს, ხის მასალაც კი წაიღეს, გაყიდეს. ნიგვზის ხის, ბაბუა რომ მრგვალი მაგიდისთვის ინახავდა, როგორც წინაპართა სახსოვარს. 

მაშინ პირველად ვიგრძენი სიღარიბე. 
დამპყრობელივით, სიღარიბემ ყველაფერი გაყარა სახლიდან, მთელი სახლი დაიკავა და მოკალათდა. 
აღარ ჩანდა საშველი. 

ბებია ეკალას აგროვებდა და პურის ფქვილისთვის ყიდდა. 
დედას ომბალო დაჰქონდა ხაშურში.
მამას არაფერი შეეძლო. ბაბუა და ჩემი ძმაც არ იყვნენ დიდად შემძლეები, ასაკის გამო. 

ხმას ვერ ვიღებდით პირველი სექტემბრისთვის ახალ ტანსაცმელზე.
მამა იყო ჩვენთან, სხვა ყველაფერი უმნიშვნელო. 

ვიხედებოდი ირგვლივ და ვერც ვგრძნობდი რომ ჩვენ გავღარიბდით.
ვეცოდებოდით მეზობლებს, მაგრამ არც მათ ჰქონდათ მეტი. 

მანამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო. რაც სხვას ჰქონდა, ჩვენც გვქონდა. 
არ ჩანდა, არ იგრძნობოდა რომ არავის არაფერი გვქონდა. 

მიჭირდა იმასთან შეგუება, რომ ტანსაცმელს მჩუქნიდნენ, ნაცვამ, დაპატარავებულ ტანსაცმელს.
... 

სამარცხვინოა, მაგრამ იმ ბავშვმა მომაგონა, უკვე მკვდარმა ბავშვმა, ეს პერიოდი.
შიმშილის გამო თავი მოიკლაო რომ წერენ.

რატომ ვერ გაუძლო ამ ბავშვმა სიღატაკეს ღატაკ, დამშეულ გარემოში?
ჩვენ ხომ გავუძელით? ჩვენ, ჩემმა თაობამ, ხომ გაუძლო სიღატაკეს?
მაშინ რომ ყველა ღატაკი იყო ამიტომ?

ამიტომ არა.

მაშინ სიღატაკეს არავინ დასცინოდა.
არავინ მიყურებდა ზემოდან მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გამონაცვალი ტანსაცმელი მეცვა.
პირიქით, ყველა მეუბნებოდა, მთავარია, არ დავობლდით. მთავარია, მამა გვყავს. 

იქნებ იმ ბავშვსაც არავინ დასცინოდა, მაგრამ აუცილებლად იგრძნობდა, სამოსით ადამიანის შეფასებისას, რა ფასი ედო.
რომელი ბავშვი, მეც კი უხერხულად მიგრძვნია თავი, ჩემს გაქექილ ფეხსაცმელს რომ ვინმე დაშტერებია. 

ახლა თავისი უპირატესობის დამტკიცებაშია გართული საზოგადოება. 
ახლა საზოგადოება იმის მცდელობაშია, როგორმე თავისი დამალოს, როგორმე საკუთარი ნაკლი თუ უკმარისობა სხვისი უბედურებით გადაფაროს, შეავსოს. 

ახლა სიღატაკე სირცხვილია (ადრე ერთობა იყო). 

ახლა უფრო მეტი გვაქვს და ნაკლებად ვაფასებთ. 

მეტი გვინდა და ნაკლები გვეთმობა სხვისთვის. 

არც სიმდიდრე და არც სიღარიბე ახლა აღარ კმარა ღიმილისთვის, უბრალო ღიმილისთვის, სხვისთვის რომ დიდი ნუგეშია ხოლმე. 

მხოლოდ ასეთი შემთხვევები. 
მხოლოდ სხვისი, (ოღონდაც სხვისი), უბედურება გახდება ხოლმე ერის შემკვრელი.

სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი. 
       
ჩვენ ყველაფერი სხვისი გვგონია. 
თითქოს ის თავმოკლული ბავშვიც მხოლოდ მისივე მშობლების იყოს. 

თითქოს, ის ბავშვი ჩემმა, შენმა, მისმა გულგრილობამ (რომელსაც საკუთარი პრობლემებით ვამართლებთ) არ მოკლა. 
თითქოს, ჩვენი შექმნილი არ იყოს ეს საზოგადოება, ეს გარემო, რომლისკენაც ხელს ვიშვერთ ხოლმე თამამად. მშვიდი სინდისით - ჩვენ ხომ არაფერი შეგვიძლია. 

რა შემიძლია მე, საკუთარ სიღატაკეს გამოქცეულს, ვერსად რომ ვერ დავემალე ოღონდ?

ეს შემიძლია - ვთქვა, რომ მეც ღარიბი ვარ.
ჩემი მეგობარიც, რომელმაც დღეს საჯაროდ დაწერა რომ ღარიბია. 

მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ - უფრო ღარიბიც ბევრჯერ ვყოფილივარ. გაქექილი კი არა, ფეხსაცმელი საერთოდ არ მქონია. 

თუ ეს განუგეშებთ, შემიძლია გითხრათ, სიღარიბეც ჩვენია. 

ჩვენ, ცალ-ცალკე, მაგრამ ყველანი, ვქმნით გარემოს, სადაც ჩემი სიღარიბის გამო თქვენ იცინით. 
 თქვენი უბედურების გამო მე მხოლოდ პოსტებს ვწერ. 

ბზობას გილოცავ, ღვთის რჩეულო ერო!

ელისო კავილაძე (ჭინჭარი)

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი