ავტობუსის ზოლსა და ველობილიკზე მოძრაობის შემთხვევაში პირი 100 და 50 ლარის ოდენობით დაჯარიმდება
ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2019 - 12:10

ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ან გაჩერების შემთხვევაში, მძღოლი 100 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება 50 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე განხორციელდა. 

„ჩვენი ინიციატივით, კანონში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, ავტობუსის ზოლში და ველობილიკებზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებასა და მოძრაობაზე სანქციები გავზარდეთ. როდესაც ქუჩების რეაბილიტაციას ვახორციელებთ, საფეხმავლო და ველობილიკები ეწყობა, ისინი ძირითადად, საპარკინგე ადგილებად არის გამოყენებული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ასევე, სპეციალური საავტობუსე ზოლები, რომელიც მოეწყო იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და მგზავრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დანიშნულების ადგილამდე სწრაფად მივიდნენ. შესაბამისად, ჩვენ გავამკაცრეთ კანონი, რომელიც უკვე ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ან გაჩერება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ჩვენ ასევე, დაწყებული გვაქვს პროექტი, რომელიც ე.წ. ჭკვიანი კამერების მონტაჟს ითვალისწინებს. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ვინც კანონს დაარღვევს, ჯარიმები ავტომატურ რეჟიმში გამოეწერება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს და გამართული ინფრასტრუქტურა იყოს. მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რადგან მათი თანადგომის გარეშე, ამ კანონის მიღება შეუძლებელი იყო“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი