file not saved „ვაშინგტონ თაიმსი“ - საქართველოს სიფრთხილემ და წარმატებულმა მიდგომამ „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან გამკლავების მხრივ შესაძლოა, ქვეყანა უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს » ახალი ამბების სააგენტო

„ვაშინგტონ თაიმსი“ - საქართველოს სიფრთხილემ და წარმატებულმა მიდგომამ „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან გამკლავების მხრივ შესაძლოა, ქვეყანა უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს
ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2020 - 15:12

„კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატების ისტორია: საქართველო“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსი“.

როგორც სტატიის დასაწყისშია აღნიშნული, პუბლიკაციაში საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რატომ მიაღწია საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და აშშ-ში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, როგორც ჩანს, მედიის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში არის წარმატებული ისტორიებიც და მათგან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საქართველოს მაგალითია.

ავტორი წერს, რომ რუსეთისა და თურქეთის მეზობელ საქართველოში, რომლის მოსახლეობა 3,75 მილიონი ადამიანია, კორონავირუსით მხოლოდ ხუთი გარდაცვლილია.

„იმ მომენტისთვის, როდესაც ეს სვეტი გამოსაქვეყნებლად წარედგინა, საქართველოს კორონავირუსით მხოლოდ ხუთი გარდაცვალების შემთხვევა ჰქონდა. თქვენ სწორად წაიკითხეთ – ხუთი. როგორ არის ეს შესაძლებელი? რა განმარტება აქვს საქართველოს უზარმაზარ წარმატებას მისი ხალხის ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში?“ – წერს სტატიის ავტორი ტიმ კონსტანტინი.

ჟურნალისტის თქმით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მასთან საუბარში ეს განმარტა. კითხვაზე, რა გაკეთდა საქართველოში მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნისგან განსხვავებულად, მაია ცქიტიშვილი პასუხობს, რომ განსხვავება რამდენიმეა.

„ჩვენ აღნიშნულ გამოწვევას ვუპასუხეთ იმით, რომ ის თავიდანვე სერიოზულად აღვიქვით. ერთი მხრივ, ჩვენ ძალიან ადრე მივიღეთ გადაწყვეტილებები, მეორე მხრივ, ყურადღებით ვუსმენდით ჩვენი ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს“, – აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი.

მისი თქმით, საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს, მთავრობა იჩენდა საკმაო ყურადღებას და თანმიმდევრულად და მკაფიოდ მოქმედებდა კორონავირუსის გავრცელების ადგილებში. როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთად მოქმედებდა.

„ჩვენ გვყავს ძალიან პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და ამ ურთიერთთანხმობით შევძელით, რომ ვირუსთან გასამკლავებლად რეალურად მზად ვყოფილიყავით“, – აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი ინტერვიუში.

სტატიის ავტორი წერს, რომ შესაძლოა, ქართველი ხალხი მოულოდნელ გამოწვევებთან გასამკლავებლად და მთავრობის მოსმენისთვის უკეთესად არის მომზადებული, ვიდრე სხვა მრავალი ქვეყნის მოსახლეობა. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ქართველების ბოლო ორმა თაობამ გამოიარა მრავალი კონფლიქტი და სირთულე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარე ძალების მხრიდან. ავტორის თქმით, 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო იყო ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო და პირველი ლიდერის არჩევიდან მალევე გაჩაღდა სამოქალაქო ომი, რომლის შედეგები აისახა ქვეყნის მოსახლეობაზე. აქვე აღნიშულია, რომ 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ხუთდღიანი ომი იყო. ავტორის აზრით, გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ქართველი ხალხი მოულოდნელი მოვლენების წინაშე მდგრადია.

„საქართველომ რთული დრო გამოიარა, ამიტომ სირთულეების დროს ცხოვრების გაგრძელებისა და ადაპტირების საჭიროებამ, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო გაგვაერთიანა და გაგვაძლიერა“, – აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი.

როგორც სტატიის ავტორი წერს, კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლის წარმატებას მაია ცქიტიშვილი ნაწილობრივ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობასაც უკავშირებს. თავდაცვის საფრთხეების შემცირების აშშ-ის სააგენტო საქართველოსთან თანამშრომლობდა რადიოლოგიური, ბირთვული, ბიოლოგიური და სხვა სახის საფრთხეებისთვის მზადყოფნის სწავლებაში. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ სწავლებამ წვლილი შეიტანა საქართველოს მხრიდან კორონავირუსზე რეაგირებაში.

„თითქმის 30 წელია, ვგრძნობთ აშშ-ის დახმარებას და მხარდაჭერას. თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს სწავლება დაგვეხმარა, ვყოფილიყავით უფრო მეტად მზად კორონავირუსისთვის. მათ მიერ დატრენინგებული ადამიანები ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები არიან. ისინი კარგად მომზადებულები და პატივცემულები არიან. ლუგარის ცენტრის თანამშრომლები აშშ-ის მიერ არიან დატრენინგებულები. სწორედ ისინი იყვნენ ქვეყნის წინა ხაზზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სტატიის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ ლუგარის ცენტრის აშენება აშშ-ის მთავრობამ 150 მილიონი დოლარით დააფინანსა, ეს დაწესებულება საქართველოს მთავრობის საკუთრებასა და მმართველობაშია.

როგორც „ვაშინგტონ თაიმსის“ პუბლიკაციაშია აღნიშნული, ვიცე-პრემიერი აშკარად ამაყობს თავისი ეროვნული გუნდით.

„ჩვენი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ძალისხმევით, უკეთესად მომზადებულები აღმოვჩნდით. ჩვენმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა შეძლეს, ფრთხილი რეაგირება მოეხდინათ. შევძელით, ვყოფილიყავით პრევენციულები და დროული რეაგირება მოგვეხდინა, რამაც შედეგად მოიტანა ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ“, – ამბობს მაია ცქიტიშვილი.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ შესაძლოა, საქართველომ ჯანდაცვის ფრონტზე ბევრ სახელმწიფოსთან შედარებით უფრო მეტ წარმატებას მიაღწია, თუმცა კვლავ სიფრთხილით ეკიდება ეკონომიკის გახსნას. მაია ცქიტიშვილი ორი პრიორიტეტის შესახებ საუბრობს.

„ჩვენი მთავარი მიზანია საკუთარი ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, თუმცა ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღე. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ვცდილობთ ვიპოვოთ ბალანსი ამ ორ პრიორიტეტულ ინტერესს შორის“, – აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მსგავსად, საქართველომ მთავრობამ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. რაც შეეხება ოფიციალურ გახსნას, ცქიტიშვილი ამბობს, რომ სიფრთხილე ამ მხრივ საკვანძო სიტყვაა.

„ჯანდაცვის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ შევაფასებთ ქვეყანაში სიტუაციას. გვირჩევნია არ ავჩქარდეთ, არამედ ვიყოთ ფრთხილები. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, აღვდგეთ, როგორც კი ვირუსის გავრცელება გახდება უფრო მეტად კონტროლირებადი და რისკ-ფაქტორები შემცირდება“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქართველო დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია და დიდწილად ეყრდნობა ტურიზმს, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს. ავტორი აღნიშნას, რომ საქართველოს სიფრთხილემ და წარმატებულმა მიდგომამ „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან გამკლავების მხრივ შესაძლოა, ქვეყანა კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს უახლოეს თვეებში, როდესაც მთელი მსოფლიოს ფარგლებში ადამიანები დაიწყებენ ფიქრს, სად და როდის შეუძლიათ უსაფრთხოდ მოგზაურობა.

სტატიის თანახმად, შესანიშნავ ადგილას მოგზაურობის შესაძლებლობამ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ამ ქვეყანაში კორონავირუსმა ძლივს წამოსწია თავისი მახინჯი თავი, უახლოეს მომავალში საქართველო შესაძლოა, მოწინავე ტურისტულ მიმართულებად აქციოს“. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ვიცე-პრემიერი მიესალმება ამ შესაძლებლობას, თუმცა კვლავ ფოკუსირებულია იმაზე, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა წარმატებულ გზაზე შეინარჩუნოს.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ვიზიტორებს, როდესაც შესაბამისი დრო იქნება“, – აღნიშნავს საქართველოს ვიცე-პრემიერი „ვაშინგტონ თაიმსთან“.

მსგავსი სიახლეები