საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია
პარასკევი, 12 ივნისი, 2020 - 10:37

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან სამი სამედიცინო პერსონალია, კიდევ სამი საკარანტინო სივრციდან არის, ორი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ხოლო ერთი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა და მისი ინფიცირების წყარო ამჟამად უცნობია.

„ერთის წყარო დაუდგენელია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. ეს ინფიცირებული პაციენტი თბილისშია. წყაროს მოძიება გრძელდება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს.

„გუშინდელი მონაცემებით იყო 828, დაგვემატა ცხრა ახალი შემთხვევა და გვყავს 837. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არის ჯამში 697, რაც ინფიცირებულების 83 პროცენტს შეადგენს.

ცხრა ახალიდან სამი სამედიცინო პერსონალია, სამი გახლავთ საკარანტინო ზონიდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, ორი არის უკვე დადასტურებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირი, ერთის წყარო დაუდგენელია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები