საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და სტანდარტის კონტროლი გამკაცრდება
პარასკევი, 12 ივნისი, 2020 - 13:03

საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად, ეპიდემიოლოგიური რისკის ზრდის ფონზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერის პრესსამსხურის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, განიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ერთის წარმომავლობა უცნობია. ამ ეტაპზე ქვეყანაში ჯამურად, წყარო დაუდგენელია ინფიცირების ხუთ შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკ-ფაქტორებს და განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.

სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება არათუ არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი, არამედ პირიქით, საჭიროა შესაბამისი უწყებებისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ზედმიწევნით დაიცვან ყველა მითითება, რომელიც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის დაცვისა და „კოვიდ-19“-ის მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის.

ასევე, საბჭოს წევრებმა განიხილეს გაზრდილი მობილობის პირობებში რისკების მართვის მექანიზმები. ამ მიზნით, საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება დადგენილი წესებისა და სტანდარტის კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, ასევე – საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დარღვევების შემთხვევაში კი, გამოყენებულ იქნება კანონით დადგენილი ჯარიმები.

„გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკის ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესაბამისი უწყებები ტესტირებების გაფართოებაზე მუშაობენ. მთავრობის დადგენილებით უახლოეს დღეებში განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სავალდებულო Pჩღ ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ. მათ შორის, „კოვიდ-19“-ზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე, 112-ს ან ოჯახის ექიმს მიმართავენ“, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.

ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში, რომლებთან დაკავშირებითაც დამატებით გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განვითარების საფუძველზე მიიღებს.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 837 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 697 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. გარდაცვლილია 13 ადამიანი.

ამ ეტაპზე, კარანტინში იმყოფება 3 213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 303 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მსგავსი სიახლეები