გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს
პარასკევი, 26 ივნისი, 2020 - 09:27

არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს. შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.

საქართველოს პირველი არხი ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატს, დავით ჭიკაიძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალადობის ბრალდებითაა აყვანილი.

„ერთ-ერთი დაკავებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ის სსკ-ის 126-ე – ძალადობის მუხლით არის აყვანილი. დიღომში არის გადაყვანილი. მე სხვებზე ვერ გეტყვით, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დიღომშია ნამდვილად“, – აცხადებს ადვოკატი.

ამასთან, ადვოკატი მუხრან ღურცკაია საქართველოს პირველ არხს უდასტურებს, რომ დაკავებულია 17 პირი.

მისი თქმით, დაკავებულთა შორის მისი დაცვის ქვეშ მყოფები არ არიან.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამ საქმის მოწმეები არიან, ისხდნენ ერთ-ერთ ავტომობილში. ისინი არ დაუკავებიათ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ სხვა პირები, 17 პირი დააკავეს ძალადობაზე“, – აცხადებს ადვოკატი.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები