file not saved ჩვენ შვილები შინდისის გმირების მაგალითზე უნდა გავზარდოთ - გიორგი გახარია » ახალი ამბების სააგენტო

ჩვენ შვილები შინდისის გმირების მაგალითზე უნდა გავზარდოთ - გიორგი გახარია
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2020 - 14:30

შინდისის გმირები ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ქართველები არიან, მათ პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენი შვილები ამ მაგალითზე გავზარდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში მშვიდობის გარეშე განვითარება არ არსებობს.

„დღეს 11 აგვისტოა და ზუსტად 12 წლის წინ 17 ქართველი გმირი უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას შეეწირა. ეს ის ადამიანები არიან, ის ქართველები არიან მთელი საქართველოდან, რომლებმაც ასე პირდაპირ, ვაჟკაცურად, ქართულად დაუპირისპირდნენ მტერს და არ დაუთმეს არაფერი მიუხედავად იმისა რომ, ეს ბრძოლა იყო უთანასწორო. შინდისის გმირები ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ქართველები არიან, რომელთა სახელები უნდა გვახსოვდეს, მათ პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ ამ მაგალითზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ყოველთვის ჰყავდა და ყოველთვის ეყოლება ასეთი გმირები, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე, რადგან მშვიდობის გარეშე არ არსებობს არანაირი განვითარება. ვერაფერი განვითარდება ქვეყანაში თუ არ იქნება მშვიდობა. ამიტომ, ჩვენ უნდა გვყავდნენ გმირები, უნდა გვყავდეს ძლიერი ჯარი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე“, – განაცხადა გახარიამ.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

მსგავსი სიახლეები