file not saved მეათე მოწვევის პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე 24 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს » ახალი ამბების სააგენტო

მეათე მოწვევის პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე 24 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს
შაბათი, 19 დეკემბერი, 2020 - 12:42

მეათე მოწვევის პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე 24 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. იმის გამო, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესია გუშინ ბიუროს სხდომით დაიხურა, პარლამენტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სხდომების მოწვევის მიზნით მიმართავს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი რიგგარეშე სხდომების კვირაში მოხდება. უკვე გაწერილია გრაფიკი, მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დარგების მიხედვით კომიტეტებში დაიწყება.

კერძოდ, 21 დეკემბერს, კანონმდებლები ეკონომიკურ გუნდს და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს მოუსმენენ, 22 დეკემბერს კი, ჯანდაცვის, განათლებისა და ძალოვანი უწყებების მინისტრობის კანდიდატებს. 23 დეკემბერს მინისტრობის კანდიდატები ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს შეხვდებიან, 24 დეკემბერს კი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია სამთავრობო გუნდს რიგგარეშე სხდომის ფორმატში წარადგენს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს პარლამენტში სავარაუდოდ არ დაესწრებიან ოპოზიციური პარტიები, რადგან ისინი საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებენ და მათი ნაწილი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მსგავსი სიახლეები