ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
პარასკევი, 08 იანვარი, 2021 - 14:15

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღვკეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა, ხოლო დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.

სამართალდამცველების ცნობით, გიორგი ახლოურმა 19 წლის ძმას, მიშა ახლოურს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გიორგი ახლოურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები