გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებში ყვავილების ქოთნებია ჩამონტაჟებული და ეს არის ორი ახალგაზრდის პროექტი - კახა კალაძე
ოთხშაბათი, 20 იანვარი, 2021 - 13:01

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებში არა ნაგვის ურნები, არამედ ყვავილების ქოთნებია ჩამონტაჟებული, რომელიც ორი ახალგაზრდის კერძო ინიციატივაა.

გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ეს ცხადია, მიზანმიმართულად ხდებოდა. ავრცელებდნენ გოგებაშვილის ქუჩაზე გადაღებულ ფოტომასალას და ადანაშაულებდნენ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს, მერიას, მერს, რომ თურმე საერთოდ რაზე ვფიქრობთ, რა პროექტებს ვახორციელებთ. საუბარი იყო იმაზე, თითქოს, დასასვენებელ სკამებში ჩავდგით სანაგვე ურნები, რომელიც ფოტოებზე გადავსებული იყო. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიცრუეა. მინდა, რეალობა ვუთხრა საზოგადოებას: ეს არ არის არც მერიის, არც გამგეობის პროექტი. ეს არის ორი ძალიან კარგი ადამიანის მიერ გაკეთებული პროექტი, რომელთაც ძალიან უყვართ თავიანთი ქალაქი. ამ ორმა ახალგაზრდამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში იჯარით აიღო ფართი, სადაც რესტორანს აკეთებენ. სამუშაოები უკვე დამთავრებული აქვთ და ელოდებიან, როდის იქნება შესაძლებელი, პანდემიის პირობებში რესტორნები გაიხსნას. აღნიშნულმა ორმა ახალგაზრდამ ეს მოსასვენებელი სკამები განათავსა, რომლებზეც დამონტაჟებული აქვს საყვავილეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნულ ორ მოქალაქეს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რა სისულელე მოიგონა დედაქალაქის მერიამ და მერმა, არ ეყოფათ რაც ჭავჭავაძეზე გააკეთეს? ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების დაპროექტება და განვითარება, თავისი მიწისქვეშა ურნებით. აბა, ის მოსწონდა ხალხს, ვირთხები, თაგვები და სუნი? ვიზუალურ მხარეზე საერთოდ აღარ ვსაუბრობთ. მაგრამ თქვენ – მხედველობაში მყავს ის ოპონენტები, რომლებიც არასწორი ინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებული, ყველაფერი კარგი ცუდად გინდათ წარმოაჩინოთ, მშენებლობა – ნგრევად, კარგი გაკეთებული საქმეები – ცუდად, დახმარება – არდახმარებად და ა.შ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ და მოატყუოთ. მე ამ ორ ახალგაზრდას საერთოდ არ ვიცნობ. მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი პროექტი გააკეთეს. ეს არის დასასველებელი სკამები, სადაც დამონტაჟებულია ხე-მცენარეების ჩასარგავი ქოთნები, რომლებიც მართლაც ძალიან ლამაზია. ერთ-ერთმა მათგანმა გუშინ განცხადებაც გააკეთა, რომ ეს მათი ინიციატივით იყო და ოჯახური პრობლემების გამო, რომელიც ტრაგედიას უკავშირდება, ვერ მოასწრეს დასრულება. ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ საზოგადოება ხედავს, ვინ ვინ არის და ვინ რას წარმოადგენს. ამიტომ, მაქსიმალური ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმე, რომელსაც ვაკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, რომელთა შესახებაც საზოგადოებას უფრო სრულყოფილ ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები