ალეკო ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის, ის ყველა პარტიას თავს ესხმის, შეუძლია, ცალკე გზა აირჩიოს - სერგო ჩიხლაძე
ოთხშაბათი, 20 იანვარი, 2021 - 12:30

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური აქტივობა საინტერესო აღარ არის. ჩიხლაძის თქმით, როგორც ჩანს, ელისაშვილი არ იზიარებს იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები არიან გაერთიანებული.

სწორედ ამიტომ, ჩიხლაძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილს შეუძლია, ცალკე გზა აირჩიოს, რადგან ასეთი სახით გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ვერ იქნება.

„პირველ რიგში, გუშინ განვაცხადეთ, რომ ელისაშვილზე და მის პარტიაზე აღარ ვაკეთებთ კომენტარს. ეს ადამიანი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის არც პიროვნულად და  არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს  იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული ვართ. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არც ერთ პრინციპს არ იზიარებს, შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: „უნდა ესწრებოდეს თუ არა ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის შეხვედრებს“, ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ელისაშვილს თავად აღარ სურს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება.

„მას აღარ უნდა დასწრება. მე კიარ ვწყვეტ, თვითონ არ სურს მონაწილეობა ამ პროცესში, იყოს ცალკე და ნუღარ აზიანებს სხვებს. მეტ კომენტარს აღარ ვაკეთებთ ელისაშვილზე. ის საერთოდ არ არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის ერთი ადამიანის პოზიცია, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს პრინციპებს, წავიდეს თავის გზაზე. ის, რაც გააკეთა, თავად აზიანებს. ყველა პარტიას თავს ესხმის“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების საკითხებს, ჩიხლაძე აცხადებს, რომ მათი პოზიცია არ შეცვლილა და ამ კუთხით ოპოზიცია კვლავაც ერთიანია.

„ოპოზიციის გეგმა ცნობილია. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რაც ეხება მოლაპარაკების საკითხებს, ხელისუფლებასთან ურთიერთობას, ბოიკოტის საკითხებს. ამ საკითხებზე ვართ ერთიანები. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. თუ რამე შეიცვლება, დავსხდებით და დავგეგმავთ სხვა სტრატეგიას. ორი და სამი ადამიანის შესვლა კიდევ ვიმეორებ, არ წყვეტს არაფერს. ბატონი ინჯია შევიდა თავის სამ კაცთან ერთად, რამე შეიცვალა? ოპოზიციაში რამე შეიცვალა? ან ხელისუფლებაში რამე შეიცვალა?. იგივე იქნება. ჯერჯერობით ველოდებით მოლაპარაკებებს, თუ შედგება. ჩვენი პოზიციები უცვლელია“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ასევე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, სადაც ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე ვიდრე დაიწყებენ საუბარს, ჯერ წესებზე უნდა მოხდეს შეთანხმება. მისივე თქმით, პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ველი არ გაიწმინდება.

სერგო ჩიხლაძე ამ საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის მიზანი, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი, სუფთა ადამიანები გამოჩნდნენ.

„დიახაც უნდა გაიწმინდოს. ამიტომაც ჩამოყალიბდა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. ახალი, სუფთა ადამიანები გამოჩდნენ. უღირსი ადამიანები აკეთებს უღირს პოლიტიკას, მდაბიო- მდაბიო პოლიტიკას. ჩვენ გვინდა, რომ ეს გავაკეთილშობილოთ და რა თქმა უნდა, უღირსი ადამიანების ადგილი არც პოლიტიკაში და არც საჯარო სივრცეში არააა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მსგავსი სიახლეები