file not saved "ათონელის რეზიდენციისთვის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია" » ახალი ამბების სააგენტო

"ათონელის რეზიდენციისთვის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია"
პარასკევი, 29 მაისი, 2015 - 16:19

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ათონელის რეზიდენციის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია.

როგორც მან „ვექტორთან“ საუბარში პრემიერის პრეზიდენტისადმი  დღევანდელი მიმართვის შეფასებისას  განაცხადა, იურიდიული პრობლემები სრულად  მოგვარებადია.

„თუ რატომ არ შეიძლება ათონელის რეზიდენციისთვის სტატუსის მოხსნა და გაყიდვა, ეს ამ აზრის ავტორებს უნდა ჰკითხოთ. აქ იურიდიული პრობლემატიკა დალაგებადია, თავიდან ბოლომდე. საუბარია ფუნქციონალურ დანიშნულებაზე. ფუნქციონალური დანიშნულება ნიშნავს იმას, რომ ეს ოფისი მოწყობილია ერთ პირზე თუ მრავალ პირზე, ამაზეა საუბარი. მარტივად რომ ვთქვათ, მაღაზიას  და ბიბლიოთეკას სხვადასხვა  დანიშნულება აქვს.  ეს სხვა ტიპის საოფისე დაწესებულებაა, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ სახელმწიფო მეთაურის თანამდენბობრივი მოვალეობის შესრულებაზე. ეს არ გახლავთ რაიმე სხვა ფუნქციონალური დანიშნულების მატარებელი. ამ საკითხში იურიდიულ პრობლემას ვერ ვხედავ, მხოლოდ ფუნქციონალურს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ იგივე პრობლემა არის პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან მიმართებაშიც.

„რა თქმა უნდა, იქაც არის  ფუნქციონალური მომენტი, განსხვავება არის იმაში, რომ ათონელის რეზიდენცია უფრო კომპაქტურია, ვიდრე ავლაბრის რეზიდენცია. ეს არის განსხვავება. ნაკლები ფართის ოფისი უფრო ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ორივე შენობა ერთ კაცზე, სახელმწიფო მეთაურზეა ორიენტირებული. ათონელის რეზიდენციაზე თათბირი ჯერ კიდევ 2012-13 წლებში მიმდინარეობდა. ავლაბრის რეზიდენციაზე კი სხვადასხვა ვერსიები იხილებოდა, არავინ ამბობდა, რომ პრეზიდენტი იქ უნდა დარჩენილიყო. რაც შეეხება თვითონ ათონელის  რეზიდენციას, იქ არ ვყოფილვარ და არ დამითვალიერებია, მაგრამ ვიზუალიდან გამომდინარე, ეს უფრო მოკრძალებულია, ვიდრე ავლაბრის რეზიდენცია“, - განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი მარგველაშვილს გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ და ათონელის რეზიდენციაში გადასვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, შენობა სტატუსიდან გამომდინარე ვერ გაიყიდება.

 

თეონა ტორჩინავა

მსგავსი სიახლეები