img
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიაში არანაირი საგამოძიებო უწყება არ შემოსულა - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისის მერიაში არანაირი საგამოძიებო უწყება არ შესულა. 

„რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, დედაქალაქის მერიაში შესული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ა.შ. ეს ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაციაა. კეთილი ინებეთ და საზოგადოებას მოუხადეთ ბოდიში, რომ ცრუ და არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. რაც შეეხება წერეთლის გამზირს, სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად, დღე და ღამის განმავლობაში. ასფალტის საფარი ქვედა ფენებში უკვე დაგებულია. შემდეგი სამუშაოები იქნება ტროტუარის მოწესრიგება, საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა და შესაბამის ნიშნულზე მოყვანა, რის შემდეგაც ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება. როგორც საზოგადოებას დავპირდით, იანვრის ბოლოს ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება და გამზირზე გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

კითხვაზე - გამორიცხავს თუ არა, რომ აღნიშნული პროექტით საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თბილისის მერი პასუხობს, რომ პროექტთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია ღიაა და მუნიციპალიტეტის მერიას დასამალი არაფერი აქვს. 

„თუ ვინმე დაინტერესდება, ყველას გავცემთ პასუხს. დასამალი არაფერია, ყველა ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი მიღება. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია. ასე რომ, პრობლემა და დასამალი ნამდვილად არაფერია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

თეგები:
გაზიარება

img