img
გუშინდელი განგაშის შემდეგ, ბათუმის სკოლებში დღეს მოსწავლეების მცირე ნაწილი მივიდა

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში გამოცხადებული განგაშის გამო, საჯარო და კერძო სკოლებში დილას მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილი გამოცხადდა. მშობლებმა ბავშვები სასწავლო დაწესებულებებში არ გაუშვეს, თუმცა სკოლებში სწავლა არ შეჩერებულა.

"მოგეხსენებათ, რომ მშობლების მხრიდან იყო პანიკა, გვწერდნენ პედაგოგებს, დამრიგებლებს. ჩვენ ყველას ვუთხარით, რომ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არა გვაქვს, შესაბამისად, მათი გადასაწყვეტი იყო, შეეძლოთ გამოეშვათ ბავშვები. იმიტომ, რომ ჩვენ, პედაგოგები სკოლაში ვართ, გამოვცხადდით და იმ კლასებში, სადაც გვყავდა ბავშვები, ჩვეულებრივად წარიმართა საგაკვეთილო პროცესი," - ამბობს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.

დილიდან განაახლეს მუშაობა სავაჭრო ცენტრებმაც, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო გუშინ ხალხის ევაკუაციაც გახდა საჭირო. იქ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამართალდამცველები და კინოლოგები.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს განაცხადა, სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. უწყების თქმით, შეტყობინება ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა და მიზანმიმართულად იყო მითითებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის ნომერი.

მომხდარზე გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს.

წყარო: მთავარი არხი

თეგები:
გაზიარება

img