საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც დაკავშირებულია უდიდეს პერსონალურ სტრესთან, სოციალური აქტივობის წყვეტასთან და ქალების, მათი ოჯახებისა და ასევე, ჯანდაცვის სისტემების ფინანსურ დანახარჯებთან. საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის ძირითადი ეთიოლოგიური ფაქტორი ადამიანის პაპილომავირუსია, ქალთათვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, ის მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად ქვეყანაში, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) ვაქცინით, ხოლო ადრეული გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი, მისი განკურნებაც შესაძლებელია.
2020 წლის ნოემბერში WHO-მ საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის, აღმოფხვრის დაჩქარების გლობალურ სტრატეგიას ჩაუყარა საფუძველი. მასში წარმოდგენილია საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის სამი მიმართულება: აპვ ვაქცინაცია, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი და მკურნალობა; სამივე პრინციპი უნდა განხორციელდეს ერთობლივად და საჭირო მასშტაბით ელიმინაციის მისაღწევად.
საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით, WHO-ს და UNFPA-ს წარმომადგენლობები საქართველოში ხაზს უსვამენ იმუნიზაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, კიბოსწინარე დაზიანებების მაღალი ხარისხის სკრინინგსა და მკურნალობას საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად და ტანჯვის შესამცირებლად.
საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო პარტნიორებმა (WHO, UNFPA) მხარი დაუჭირეს საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და სკრინინგის პროგრამების დანერგვას დაავადების ტვირთის შესამცირებლად და აიღეს ვალდებულება განაგრძონ მუშაობა ამ მიმართულებით WHO-ს საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის სტრატეგიის შესაბამისად. ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია გამოვკვეთოთ შემდეგი ვალდებულებები პრევენციის, სკრინინგის, მკურნალობის და მონაცემთა მართვის სფეროში:
პრევენცია: 2019 წლიდან HPV ვაქცინაცია შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 9-13 წლის გოგონებისთვის. ხოლო, 2022 წლის 12 იანვრის საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 13-18 წლის გოგონებში „გაწმენდის“ რაუნდის ჩატარება შემდეგი სქემით:
o 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
o 15-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 - 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
სკრინინგი: ეროვნული პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 25-60 წლის ქალებისათვის.
მკურნალობა: შემუშავდა საშვილოსნოს ყელის კიბოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მკურნალობის გაიდლაინები.
მონაცემები: შეიქმნა კიბოს სკრინინგის ეროვნული რეგისტრი სკრინინგში მონაწილეობის და მონაცემთა მართვის გასაუმჯობესებლად.