img
მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეეძლებათ

დუბაიში 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტი იმართება, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი პირველ მოადგილესთან ერთად მონაწილეობს.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტუდენტებსა და საგანმანათლებლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს საქართველოდან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც შეეძლებათ. 

არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრ აჰმედ ბელჰოულ ალ ფალასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გიორგი ამილახვარმა და მასპინძელი ქვეყნის განათლების მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის განათლების სხვადასხვა საფეხურისა და მეცნიერების მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებას გულისხმობს.

„დოკუმენტის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ვიზიტების ორგანიზებას, ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ტრენერებისთვის, ექსპერტებისთვის და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას“, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები:
გაზიარება

img