img
ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე აქტიური ექთნების 15.2 პროცენტი საპენსიო ასაკისაა - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამედიცინო პერსონალის სათანადო კვალიფიკაციისა და საკმარისი რაოდენობის უზრუნველსაყოფად დანერგილი მექანიზმებისა და გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის ფარგლებში უწყებამ შეისწავლა სამედიცინო პერსონალის საჭიროების განსაზღვრა და რეგიონალური მოცვა, დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლება და სერტიფიცირება, უწყვეტი სამედიცინო განათლება,სამედიცინო პერსონალის შესახებ ინფორმაციის წარმოება და დაინტერესებული მხარეების კოორდინაცია.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დღეს  არსებული მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო სპეციალისტების საკმარის რაოდენობასა და გეოგრაფიულ მოცვას. 

„2021 წლის მდგომარეობით, პროფესიულად აქტიური ექიმების უმეტესობა (58%) კონცენტრირებული იყო თბილისში, ექთნების უმეტესობა დასაქმებულია დედაქალაქში. 100,000 მოსახლეზე თბილისში ფიქსირდება 828 ექთანი. ეს რიცხვი მოსახლეობის იმავე რაოდენობისათვის თითქმის სამჯერ ნაკლებია გურიაში, დაახლოებით, ორჯერ ნაკლებია−ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ასევე შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში; მიუხედავად სტრატეგიით გასაზღვრული საბაკალავრო განათლების პრიორიტეტულობისა, ყოველწლიურად მცირდება იმ ექთნების რაოდენობა, რომელთაც 2018-2021 წლებში დაასრულეს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში (61 კურსდამთავრებული) მაშინ, როცა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საექთნო პროგრამების მიმართულების როგორც ჩარიცხულთა, ისე კურსდამთავრებულთა რაოდენობა სტაბილურად მაღალია;  2021 წლის მდგომარეობით, სისტემაში არსებული აქტიური ექთნების 15.2% საპენსიო ასაკისაა, ხოლო ამავე პერიოდში ახალი კურსდამთავრებულების მაჩვენებელი 2.6%-ია.ამასთანავე, 2019 წლის საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიით დაგეგმილი საკადრო პოლიტიკის აქტივობები, რომლებიც 2021-2022 წლებისთვის უნდა შესრულებულიყო, არ განხორციელებულა; სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში ადამიანური რესურსების მომზადების მიზნით დაფინანსებული სპეციალობის მაძიებლების შემთხვევაში (35%), ხელშეკრულების პირობები შეუსრულებელია. ამასთანავე, სამინისტროს მათთვის დამატებითი სანქციები არ დაუკისრებია; დიპლომისშემდგომი სამედიცინო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ არის ნათლად შემუშავებული საექიმო სპეციალობის პრიორიტეტულად განსაზღვრის მექანიზმი,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.

თეგები:
გაზიარება

img