img
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის ჩასაბარებელი ტესტები 2001 წლიდან მხოლოდ 4-ჯერ განახლდა - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამედიცინო პერსონალის სათანადო კვალიფიკაციისა და საკმარისი რაოდენობის უზრუნველსაყოფად დანერგილი მექანიზმებისა და გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის ფარგლებში უწყებამ შეისწავლა სამედიცინო პერსონალის საჭიროების განსაზღვრა და რეგიონალური მოცვა, დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლება და სერტიფიცირება, უწყვეტი სამედიცინო განათლება,სამედიცინო პერსონალის შესახებ ინფორმაციის წარმოება და დაინტერესებული მხარეების კოორდინაცია.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დღეს  სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს მიერ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები შეიცავს რიგ ნაკლოვანებებს:  

დოკუმენტში აღნიშნულია,რომ საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების დამტკიცებისა და შესყიდვის პროცესში არ ხორციელდება ხარისხობრივი ნაწილის შესწავლა და მონიტორინგის პროცესი მოიცავს მხოლოდ ტექნიკური მხარის შემოწმებას. 

ასევე საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების განახლებას არ აქვს სისტემური ხასიათი. ტესტების უმეტესობა 2001 წლიდან განახლებულია მხოლოდ 4-ჯერ, ხოლო გარკვეული სპეციალობების ფარგლებში არ შესულა ცვლილებები;  

„საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისათვის, გამოცდის მონაწილემ კი უნდა დააგროვოს სწორი პასუხების, მინიმუმ, 75.5% იმისთვის, რომ გამოცდა ჩაითვალოს ჩაბარებულად. ამასთანავე, სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება მხოლოდ ტესტებით, სადაც მითითებულია ოთხი სავარაუდო პასუხი და არ ხდება გამოსაცდელის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება;  გამოკითხული სპეციალობის მაძიებლების 46% მიუთითებს, რომ დიპლომისშემდგომი სწავლების მეთოდები არარელევანტურია მომავალი საექიმო საქმიანობისათვის სათანადო ცოდნის მისაღებად, ხოლო 44%-ის აზრით, მიღებული ცოდნა არასაკმარისია პაციენტებთან დამოუკიდებელი მომსახურების გაწევისათვის“, - წერია ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის მიგნებითვე  2014-2019 წლებში დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამების განამახორციელებელმა სასწავლო დაწესებულებებმა, ჯამში − 343 აკრედიტებული პროგრამიდან, 17%-ის შემთხვევაში ნაწილობრივ, ხოლო 65%-ის შემთხვევაში, არ წარმოადგინეს ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშები. რეგულირების სააგენტოს აღნიშნული სასწავლებლები არ შეუმოწმებია.

თეგები:
გაზიარება

img