დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მიზანია, მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისების მიწოდების უწყვეტობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ამ მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში ადამიანური რესურსის მომზადების საშუალებით.
,,თუმცა მონაცემების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ექიმების 65%-ს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, პროგრამის მიზანი, რომ შემცირდეს ექიმების დეფიციტი − აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არ სრულდება”, - ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების თანახმად, რომელიც იდება მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში დასაქმების მიზნით დასაფინანსებელ მაძიებელსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის, მითითებულია, რომ მაძიებელი იღებს ვალდებულებას, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/რეზიდენტურის წარმატებით დასრულებისა და შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ, განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არანაკლებ, 3 წლის განმავლობაში.
პროგრამაში ჩასარიცხ კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე, საექიმო სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის მიზნით, რეგულირების სააგენტოს მიერ იქმნება კომისია. 2014-2021 წლებში, ჯამში − 32-მა სპეციალობის მაძიებელმა მოიპოვა დაფინანსება და სწავლა გააგრძელა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიებისა და მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ/ პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობაში.
როგორც აუდიტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, მათ შესასწავლად შეარჩიეს 23 ექიმის სამუშაო ადგილი, რომელთაგან ხელშეკრულებით ნაკისრი პირობა მხოლოდ 8 პირმა შეასრულა, რაც სრული რაოდენობის 35 პროცენტს შეადგენს.
„2 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და დაფინანსებულმა ექიმებმა მუშაობა გააგრძელეს იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც თავდაპირველი დანართით არ ყოფილა განსაზღვრული; დანარჩენი 13-დან, მხოლოდ 5 ექიმზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო“, - აღნიშნულია კვლევაში.
ამასთანავე ჯანმრთელობის სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულების დამრღვევ პირებს არ დაკისრებიათ დამატებითი სანქციები.
აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაშივკითხულობთ, რომ სამედიცინო პერსონალის რეგიონალური მოცვის კუთხით ქვეყანაში ფიქსირდება დისბალანსი. ასევე დისბალანსია საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა რაოდენობასა და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამებზე მიღებული სპეციალობის მაძიებლებს შორის. ამასთანავე, დაბალია და წლიდან წლამდე მცირდება საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიით განსაზღვრული მიზანია მისი ზრდა.
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ არის შემუშავებული ქვეყნისათვის პრიორიტეტული სპეციალობების განსაზღვრის მექანიზმი, პროგრამის მიზნების მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის მიღწეული და სპეციალისტების უმეტესობა არ არის დასაქმებული შესაბამის მუნიციპალიტეტში. გაუმჯობესებას საჭიროებს შედეგების შეფასებისა და შესრულების ინდიკატორები და მონიტორინგის მექანიზმები.