განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობაიძემ ალექსანდრე წულაძე დღეს, 2 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
დღემდე ალექსანდრე წულაძე ჯერ მინისტრის მოადგილის, შემდეგ კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და თანამებრძოლი. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ბატონ გიორგი ამილახვარს ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ხელი მოკიდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ ამ რეფორმების განხორციელებას. მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მე მჯერა, რომ თავდადებით, შრომითა და პასუხისმგებლობით, ასევე სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
ბიოგრაფიული მონაცემები:
“ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს.
“ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოპოვებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის გრძელვადიანი კვლევითი სტიპენდია (ნიუ იორკი, აშშ), მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტისა (ჰამბურგი, გერმანია) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტები. არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების მიმართულებით მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი, ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.
“ის 2019- 2023 წწ. იკავებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას, ხოლო, 2023 წლის 28 დეკემბრიდან, 2024 წლის 31 ივლისამდე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას”.
წყარო: edu.aris.ge