img
ოთხი ოპოზიციური პარტია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავს

კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, პარტია „საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავენ.

წერილში, მათ შორის, საუბარია ევროკავშირის მხრიდან დაუყოვნებელ გადასადგმელ ნაბიჯებზე მთავრობაზე ზეწოლისთვის, თუ მთავრობა უარს იტყვის არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფაზე.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს განხილვის გათვალისწინებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გვსურს, გაგიზიაროთ პროევროპული ოპოზიციური პარტიების პოზიცია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. წინასწარი შედეგებისა და დამოუკიდებელი ანალიზის საფუძველზე, ეს ოთხი პარტია, ჯამში, მიიღებდა ხმების 52%-ს, თუკი არჩევნები იქნებოდა თავისუფალი და სამართლიანი. ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოსთვის გამაერთიანებელი ხედვაა, რომელიც წარმოადგენს ჩვენს საერთო მისწრაფებას, დავუბრუნდეთ ევროპას – მთლიანსა და თავისუფალს, თუმცა 26 ოქტომბრის არჩევნებმა შექმნა გადაულახავი დაბრკოლება ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობის კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოთხოვნებში გაწერილ ფუნდამენტურ პრინციპებს.

საარჩევნო გაყალბებისა და მანიპულაციის მასშტაბი უპრეცედენტო იყო. „ედისონ რისერჩისა“ და „ჰარისის“ მიერ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა ეგზიტპოლებმა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სანდო ანგარიშებმა და სტატისტიკურმა ანალიზმა გამოავლინა მძიმე საარჩევნო ჩარევა: საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 120 000-ზე მეტი შემთხვევა; გაყალბებული იდენტიფიკაციის პრაქტიკის 15 000+ შემთხვევა; ამომრჩეველთა სიების ანალიზით გამოვლენილი პიროვნების მონაცემების გაყალბების დაახლოებით 50 000 შემთხვევა; საარჩევნო კომისიის წევრების 82%-ს აღმოაჩნდა პირდაპირი კავშირები მმართველ პარტიასთან; 2 500+ ნამდვილი დამკვირვებლისთვის სისტემატური ხელშეშლა საარჩევნო უბნებზე; არაავტორიზებული ვიდეოთვალთვალი საარჩევნო უბნების 60%-ში, რაც პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს.

ეს არჩევნები არ იყო მხოლოდ ადგილობრივი ძალაუფლებისთვის ბრძოლა; ის იმეორებდა რუსულ ტაქტიკას – საქართველოს დემოკრატიული ნების ხელყოფას. ეს ტაქტიკა მსგავსია იმისა, რაც შეინიშნებოდა ბელარუსში (2020) და რუსეთის ბოლოდროინდელ არჩევნებში. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეს შეაფასა, როგორც „რუსული გადატრიალების მცდელობა“. იგი არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს აცხადებს პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევაზე, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. ეს ქმნის უპრეცედენტო კონსტიტუციურ კრიზისს, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლი მოითხოვს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას, თუმცა მმართველი პარტია გეგმავს სხდომის მოწვევას მისი თანხმობის გარეშე და დაემუქრა პრეზიდენტს იმპიჩმენტის ახალი პროცედურის დაწყებით. ვინაიდან პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვადა რამდენიმე კვირაში იწურება, საყოველთაო არჩევნები არ ჩატარდება, საქართველოს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ პარლამენტი და ადგილობრივი საბჭოების წარმომადგენლები. ეს მისცემს შანსს ქვეყნის დე ფაქტო მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის დოკუმენტირებული ბიზნესინტერესები რუსეთში ერთ მილიარდ დოლარს აღემატება, ჩაანაცვლოს იგი თავისი სანდო კანდიდატით და ხელში ჩაიგდოს ბოლო დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუცია.

მმართველი პარტიის სრული კონტროლი სასამართლო სისტემაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც სასამართლოებმა უარყვეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა, 847 საჩივარი, საშუალოდ მხოლოდ 12-წუთიანი განხილვით თითო საქმეზე. პროევროპული და დემოკრატიული პარტიები უარს აცხადებენ ამ არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე. საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკვე დაიმუქრა ჩვენი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის სრულ ამოქმედებასთან ერთად, რომელიც იმეორებს რუსეთის 2012 წლის კანონმდებლობას და შეეხება 300+ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, ჩვენ შეიძლება, ვიხილოთ საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის ძალიან სწრაფი გაუარესება.

საქართველო დგას მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის წინაშე. ამან შეიძლება, გამოიწვიოს შემდგომი მასობრივი ემიგრაცია ქვეყნიდან, რომელმაც უკვე დაკარგა 250 000 მოქალაქე (მოსახლეობის 6.7%) ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს ადამიანები ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში წავიდნენ. საქართველოს მომავალი როდესაც საფრთხის წინაშეა, საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ევროკავშირს, მოეთხოვება გადამჭრელი მოქმედება. ევროკავშირმა გადაწყვიტა, საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენ, როგორც საქართველოს ოპოზიცია, მივესალმეთ ამას, გვჯეროდა რა, რომ ჩვენს ხალხს ეს შანსი ეკუთვნოდა და გაზრდიდა ევროკავშირის გავლენას მმართველ პარტიაზე. ახლა ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გამოიყენოს ეს გავლენა ქართველი ხალხის სასარგებლოდ.

ამ გაყალბებულ არჩევნებს არ შეიძლება, დაესვას ევროკავშირის დამტკიცების ბეჭედი. ეს საქართველოში არჩევნებს მრავალი წლის განმავლობაში არარელევანტურს გახდის. საქართველო იქნება მხოლოდ კიდევ ერთი საარჩევნო ავტოკრატია, სადაც არჩევნებს არ შეუძლია არსებული პოლიტიკური სტატუს კვოს შეცვლა.

არსებობს რამდენიმე დაუყოვნებელი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირს შეუძლია, გადადგას რუსული ტიპის ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ მთავრობაზე ზეწოლისთვის, თუ მთავრობა უარს იტყვის ამ არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფაზე:

1. ევროკავშირის მიერ ინიცირებული შეფასების/ფაქტების დადგენის მისიის დაწყება 2024 წლის არჩევნებში გარე და შიდა ჩარევის შესაფასებლად მომდევნო 30 დღის განმავლობაში. 2024 წლის არჩევნების ყოვლისმომცველი საერთაშორისო შეფასების ინიცირება ევროკავშირის არჩევნების შემდგომი მისიის (EFM) მეშვეობით, რომელიც იმუშავებს ეუთო/ოდირთან კოორდინაციით: ჩაატაროს საარჩევნო გაყალბების ყოვლისმომცველ გამოძიება; შეაფასოს საარჩევნო ინსტიტუტების კეთილსინდისიერება;

2. მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, არ მოიწვიოს 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის სხდომა საერთაშორისო შეფასების ჩატარებამდე. ნათლად განაცხადოს, რომ ამ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, თუ მოიწვევენ მაშინ, როცა საერთაშორისო საზოგადოების მიერ არჩევნები არ არის აღიარებული თავისუფლად და სამართლიანად. ეს შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლს საპარლამენტო ლეგიტიმურობის შესახებ;

3. ნათელი დეკლარაცია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია მთავრობის მიერ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გამო;

4. არსებულ მთავრობასთან ყველა ფორმალური ევროკავშირის დონის კომუნიკაციის შეჩერება, მათ შორის: ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრების გაუქმება; მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება; ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების შეჩერება, ვიდრე ისინი არ დათანხმდებიან პროცესის საერთაშორისო დონეზე გამოძიებას;

5. ფინანსური დახმარების შეჩერება (დაახლოებით 120 მილიონი ევრო წელიწადში) მთავრობისთვის, ვიდრე გამოძიების შედეგები არ გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია წერილში.

ოთხი ქართული ოპოზიციური გაერთიანების წერილში ასევე ნათქვამია:

„ჩვენ გთავაზობთ: დახმარების თანხების გადამისამართებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პირდაპირი მხარდაჭერის მექანიზმების შექმნას; საგანგებო ფონდის შექმნას ზეწოლის ქვეშ მყოფი დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის; დემოკრატიული მედეგობისა და საარჩევნო კეთილსინდისიერების ხელშემწყობი პროგრამების მხარდაჭერას.

ჩვენი საბოლოო მოთხოვნა ცალსახაა: ახალი არჩევნები ჩატარდეს 2025 წელს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, პოლიტიკურად დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაციითა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით, თუმცა, როგორც ევროკავშირის შესაძლო დაუყოვნებელი რეაქცია, როგორც შუალედური ნაბიჯი ამ მიზნისკენ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნების საერთაშორისო შეფასების მკაფიო მოთხოვნა და ევროკავშირთან დაკავშირებული ყველა სამთავრობათაშორისო ურთიერთობის შეჩერება იქნება გონივრული გზა საქართველოს დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერად. ქართული დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია და ქართველი ხალხი – ყველა თქვენს მხარდაჭერას ელოდება, როდესაც ჩვენი ერი ცდილობს, გადაარჩინოს თავისი დემოკრატია“, –  ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა.

თეგები:
გაზიარება

img